23 წლის ლევან ყაულაშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საჯარო სკოლის დირექტორია. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საჯარო სკოლის დირექტორად 3 თვის წინ დაინიშნა. მანამდე, 3 წლის განმავლობაში, 19 წლის ასაკიდან, მასწავლებლად მუშაობდა და, პარალელურად, აბიტურიენტებსაც ამზადებდა.
ლევან ყაულაშვილმა “რუსთავი 2-ს” მოუყვა, რომ რეგისტრაციის შემდეგ, დირექტორის გამოცდა წარმატებით ჩააბარა, რის შემდგომაც საკუთარი სამოქმედო და სტრატეგიული გეგმის წარდგენა გასაუბრებაზე მოუწია.
“აღნიშნულ სოფელთან კონკრეტული არაფერი მაკავშირებს, უბრალოდ ქარელი ჩემი მუნიციპალიტეტია, მე თვითონ სოფელ მოხისიდან ვარ, დირბი კი ჩემს სოფელთან ძალიან ახლოსაა. სკოლის პოტენციალმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება, დიდი სოფელია და აღნიშნულ სკოლას საკუთარი თავის გამოვლენის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა მომეცემა.
ჩემი რაიონია, ჩემმა რაიონმა მომცა განათლება, მიყვარს ეს ადგილი და არ შეიძლება, რომ ყველას მხოლოდ თბილისი უნდოდეს.
თბილისში კადრების სიმცირე ნამდვილად არ არის, უმეტესი ნაწილი, ვისაც ამ პროფესიაში უნდა განვითარება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ირჩევს თბილისს. მე სოფელი ავირჩიე, თვითონაც სოფლის სკოლა დავამთავრე. ვფიქრობ, რომ სოფლის სკოლებს მეტი ყურადღება სჭირდება. აქ, შედარებით, კადრების სიმცირეცაა, მით უმეტეს – ახალგაზრდების. ჩემს სკოლაშიც სულ რამდენიმე ახალგაზრდა მასწავლებელია. ვფიქრობ, საკმარისი მოტივაცია და სურვილი გვაქვს იმისთვის, რომ განვვითარდეთ, ვისწავლოთ და ვასწავლოთ,” – თქვა ამბობს სკოლის ახალგაზრდა დირექტორი.
სკოლის დაწყების პირველ დღეს, დირექტორმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
“დავამთავრე მოხისის საჯარო სკოლა. 12 წელი იქ ვსწავლობდი. 5 წელია, რაც დამთავრებული მაქვს საჯარო სკოლა. მე კარგად ვხედავდი იმ მინუსებსა და პლუსებს, რომელიც სწავლების პერიოდში მხვდებოდა. ეს არ არის დავიწყებული გამოცდილება, ამიტომ, მინდა, რომ ის, რასაც ვხედავდი, ახლა ჩემს სკოლაში არ იყოს.
ვიქნები მეგობარი, ვიქნები მხარდამჭერი, გვერდში მდგომი. მაქვს იდეა, რომ სკოლაში დაინერგოს ჩინური ენა. პირადად ვსწავლობდი ერთ-ერთ უნივერსიტეტში, შემდეგ – კერძოდ. მაქვს მუშაობის გამოცდილებაც” – აღნიშნა ახალგაზრდა დირექტორი.
რუსთავი 2