საკუთარ შვილებს დედა მოუკლა, კიდევ ორ ბავშვს კი – მამა, დანა ყელში გამოუსვა

საკუთარ შვილებს დედა მოუკლა, კიდევ ორ ბავშვს კი – მამა. 39 წლის ზვიად ზურაბაშვილმა სამი ადამიანი, მეუღლე და ბავშვობის 2 მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით ისე მოკლა, რომ რეაგირება ვერცერთმა ვერ მოასწრო, – აღნიშნული მკვლელობის ფაქტის შესახებ დამატებითი დეტალები კურიერი P.S-ისთვის გახდა ცნობილი.

„2 ანგელოზ ბავშვს მოუკლა დედა, როგორი დედა და როგორი შვილი მომიკლა კიდევ. ჭიანჭველას ფეხს არ ადგამდა ჩემი შვილი“, – აცხადებს მოკლული ქალის დედა. 

ბრალდებული კაცი მკვლელობას არ ნანობს და აცხადებს: „ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ კიდევ მოვკლავდი“. 

კახეთში, სოფელ ახაშენში, დაახლოებით 12 საათზე, სახლის აბაზანის რემონტს ზვიად ზურაბაშვილის მეზობელი და მეგობარი, ხელოსანი მალხაზ მამისაშვილი აკეთებდა. ზურაბაშვილის მეუღლე და 2 მცირეწლოვანი გოგონა ამ დროს ახმეტაში ისვენებდნენ. ქმარმა ცოლს დაურეკა და დალაგების მიზნით, ახაშენში ჩასვლა სთხოვა. ფიქრია ტუგულაშვილი მშობლების სახლიდან, სოფელ მატანიდან, გურჯაანში ავტომობილით ჩავიდა – ეს გზა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

„დილით გავიდა, მომწერა, დედა მივედი, კარგად ვიმგზავრე, გავალ და დალაგებას დავიწყებო“, – ჰყვება დაზარალებულის დედა. 

28 წლის ფიქრია ტუგულაშვილმა ახაშენში მეზობლად, მეუღლის ბიძის სახლში, ქმართან ერთად ისაუზმა და შემდეგ საკუთარი სახლის დალაგებას შეუდგა. ხელოსანი კედელს ლესავდა. ზვიად ზურაბიშვილმა ბიძას ალკოჰოლი სთხოვა და სახლში წაიღო. დაახლოებით ნახევარ საათში, ნათესავების მოსაკითხად მისულ დიმიტრი ზურაბაშვილს საზარელი სურათი დახვდა.

„შევედი, დავიძახე და არავინ არ მიპასუხა, შევიხედე და ცხედრები დამხვდა“, – აცხადებს ბრალდებულის ბიძა. 

მას შემდეგ, რაც ცოლი და ერთი მეგობარი მოკლა, შეიარაღებულმა დამნაშავემ გეზი მეზობელი სოფლისკენ აიღო. ზეგაანში ბავშვობის კიდევ ერთ მეგობარს, როინ კობიაშვილს სამსახურში მიაკითხა. დაცვის ოთახიდან გამოსვლისთანავე, მას ცეცხლი გაუხსნა. ისიც ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტი, სავარაუდოდ, კამერებმა ასახეს, ჩანაწერები კი გამოძიების მასალებში ინახება. „კურიერი პიესი“ მოკლული კობიაშვილის ოჯახში მივიდა. მეუღლე და დედა ვერ ხსნიან, რის გამო გაიმეტა მკვლელმა უახლოესი მეგობარი.

„სამსახურში იყო მეუღლე, დაურეკა ბრალდებულმა, მას გარეთ გამოხედა და უთქმელად ესროლა“, – აცხადებს ერთ-ერთ მოკლულის მეუღლე ქეთი ფუნთუშაშვილი.

„სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია ჩემ შვილს მაგისთვის, ეთქვა მაინც სანამ ესროდა რის გულისთვის კლავდა, რათა ჩემ შვილს გაეგო რის გულისთვის კვდებოდა. ჩემ ხელში გაიზარდა, ყველაზე კარგი ძმაკაცებში ეგ იყო, არ ვიცი რა დაემართა“, – აცხადებს მოკლული კაცის დედა ნაზი კობიაშვილი. 

გადამღები ჯგუფი მესამე მოკლულის სახლშიც მივიდა. მომხდარის მოტივს ვერც მალხაზ მამისაშვილის ძმა ხსნის.

„არანაირი ვერსია, არის უნამუსო ადამიანი, რომელმაც 2 ადამიანი მოკლა, თავის ცოლზე არაფერს ვამბობ, დააობლა ბავშვები“, – აცხადებს მოკლულის მალხაზ მამისაშვილის ძმა.

სამი ადამიანის მკვლელობის შემდეგ, დამნაშავე, ერთ-ერთი ვერსიით, ტყეში მიიმალა. თან ჰქონდა იარაღიც. ღამე აქ გაათენა, მეორე დღეს კი პოლიციას ჩაბარდა. ერთ-ერთი ვერსიით, სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი მეტყევის ავტომობილიდან ამოიღეს, რომელსაც ზვიად ზურაბაშვილმა პოლიციაში მიყვანა სთხოვა. მან, პირველივე ჩვენებაში, ბრალი აღიარა, ისევე, როგორც სასამართლო დარბაზში.

„ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ და ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. მაგის გულისთვის მოვკალი. ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ კიდევ ერთხელ მოვკლავდი“, – აცხადებს ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი. 

სიძის ქმედებებს მოკლული ქალის ოჯახი ერთადერთი მოტივით ხსნის. ირკვევა, რომ ფიქრია ტუგულაშვილს ქმარმა, მკვლელობამდე 2 წლით ადრე, ყელი გამოჭრა, თუმცა ქალის გადარჩენა ექიმებმა მაშინ მოახერხეს. კაცი დააკავეს და გირაოთი გაათავისუფლეს. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალმა ჩადენილი ძალადობა ქმარს აპატია და შეურიგდა. თუმცა ზვიად ზურაბაშვილს სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ამ სასჯელის მოხდის შემდეგ, მას პირობითი მსჯავრი დაედო.

პატიმრობიდან დაახლოებით 2 თვის წინ გათავისუფლდა და ცხოვრება მეუღლესთან განაგრძო. 2 თვეში ქალს რამდენიმე ტყვია თავში ესროლა და მოკლა. მშობლები იმ დღეს იხსენებენ, როდესაც ქმარმა მათ შვილს დანით ყელში დაზიანება მიაყენა.

„როცა დაჭრა პირველად, მერე გაგვიმხილა როგორი ავადმყოფი ეჭვიანიც იყო. გიორგობა დღე იყო, გადახვია ხელი ვითომ მოფერებით და გამოუსვა დანა ყელში. ყველა ძმაკაცზე ეჭვიანობდა“, – აცხადებს მოკლული ქალის დედა. 

გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სამი ადამიანის განზრახ მკვლელობა ბრალდებულმა შურისძიების მოტივით ჩაიდინა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან პროკურორი თავს იკავებს. ამ ეტაპზე, არ არსებობს ინფორმაცია, რომ ბრალდებულს რაიმე ფსიქიკური პრობლემა ჰქონდა, თუმცა, გამოძიების ფარგლებში, სავალდებულო ფსიქიატრიული ექსპერტიზა მაინც ჩატარდება.

ზვიად ზურაბაშვილს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.