გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მხარი დაუჭირა დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას თავდაცვისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს. ამის შესახებ მან მან ტელეკომპანია ARD-ის ეთერში განაცხადა, წერს Deutsche Welle.
ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ყოველთვის ამბობდა, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, „განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში ნაღმების სარტყლის დასაძლევად“.
როდესაც ჰკითხეს კიევისთვის გერმანიიდან სხვა ტიპის იარაღის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე უკვე მკაფიოდ გამოთქვა თავისი აზრი, მაგრამ კანცლერ შოლცს განსხვავებული პოზიცია აქვს.
„კოალიციაში – დემოკრატიულ კოალიციაში, ხდება ისე, რომ თუ პარტნიორები ვერ შეთანხმდებიან ერთ საკითხზე, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ [უკრაინისთვის შორი მოქმედების იარაღის მიწოდებას]. შემდეგ ამას ამერიკელები, ბრიტანელები და ფრანგები აკეთებენ“, – აღნიშნა ბერბოკმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კვლავ ისაუბრა გერმანიის მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე. ბერბოკის თქმით, ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის შესაძლო დაბრუნების გათვალისწინებით.
ცნობისთვის, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის Taurus-ის საკრუიზო რაკეტების მიწოდებაზე არაერთხელ თქვა უარი, მაშინაც კი, როცა დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა თავიანთი შორი მოქმედების იარაღი უკრაინას გადასცეს. კერძოდ, 21 სექტემბერს შოლცმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდების შესახებ მოწოდებები კიდევ ერთხელ უარყო.