უკრაინას არ სჭირდება აშშ-ის ნებართვა რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად და ამისთვის მას შეუძლია წარმატებით გამოიყენოს თავისი იარაღი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
„უკრაინას არ სჭირდება ჩვენი ნებართვა რუსულ სამიზნეებზე საპასუხო დარტყმისთვის. ის სუვერენული ქვეყანაა და შეუძლია გამოიყენოს იარაღი, რომელსაც თავად ქმნის“, – აღნიშნა მილერმა.
მილერმა დასძინა, რომ უკრაინას უზარმაზარი მასალა აქვს თავდაცვისთვის.
„და თუ გადავხედავთ იმ იარაღს, რომელიც ჩვენ მათ მივაწოდეთ, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი საზღვრის მიღმა რუსეთის ობიექტებზე, რომლებითაც თავდასხმები ხორციელდება“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
კითხვაზე, თუ რატომ არ უნდა მიეცეს უკრაინას ამერიკული იარაღით დარტყმის უფლება, მილერმა აღნიშნა: „ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ, არის თუ არა დამატებითი ინსტრუმენტები, რომელთა მიწოდება შეგვიძლია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ მათთვის დამატებით 8 მილიარდ აშშ დოლარს უზრუნველვყოფთ და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“.