რუსული ძალები ორი მხრიდან ქალაქ უგლედარში შევიდნენ

რუსული ძალები ორი მხრიდან – დასავლეთიდან და სამხრეთიდან დონეცკის ოლქის ქალაქ უგლედარში შევიდნენ. ამის შესახებ nv.ua იუწყება.

უგლედარი

პროექტ DeepState-ის ანალიტიკოსების ცნობით, რუსული ძალები ქალაქში ორი მხრიდან 30 სექტემბერს შევიდნენ. წინა დღეს ამავე წყაროს ცნობით, რუსი სამხედროები ქალაქის შემოგარენში მაღალსართულიან კორპუსებში გამაგრებას ცდილობდნენ.

როგორც დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი იუწყება, უგლედარი დასაცავად საკმაოდ მოხერხებული ადგილი იყო, რადგანაც ამაღლებაზე მდებარეობს, მაგრამ ორწლიანი შტურმების შედეგად რუსულმა ძალებმა ის მართვადი ავიაბომბებით და სხვა შეიარაღებით დაანგრიეს. ბოლო შეტევის დროს უგლედარს ერთდროულად 5 რუსული ბრიგადა უტევდა – საზღვაო ქვეითთა, მოტომსროლელთა და სატანკო, ხოლო ქალაქს უკრაინელთა მხოლოდ ერთი – 72-ე ბრიგადა იცავს.