ხან-იუნისში ისრაელის ავიაიერიშს სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა – „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო

„ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხან-იუნისის რაიონში ისრაელის ავიაიერიშს სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

ხან-იუნისში ისრაელის ავიაიერიშის შედეგად დანგრეული სახლი

ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომლის ოჯახის წევრებიც იერიშის დროს დაშავდნენ, მედიას განუცხადა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით წინასწარი გაფრთხილება არ მიუღიათ. მისივე თქმით, ისრაელმა მთლიანად გაანადგურა ალ-ფარას სახლი, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს.

მედიკოსებმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ ქალაქ ღაზაში 22 ადამიანი დაიღუპა, როდესაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა სკოლასა და ალ-ამალის ობოლთა თავშესაფარს დაარტყეს, სადაც დევნილები იმყოფებოდნენ.

ისრაელის მხარემ განაცხადა, რომ საჰაერო ძალებმა ზუსტი დარტყმები მიაყენეს ტერორისტებს, რომლებიც „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრებში მოქმედებდნენ. მათივე მტკიცებით, დაჯგუფების წევრები სკოლის შენობებში მოქმედებდნენ.