შუა აღმოსავლეთში კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია – „დიდი შვიდეული“

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი არავის ინტერესში არ შედის და დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია – ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

G7 შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში სიტუაციის ესკალაციის გამო და პირობას დებს, რომ ერთად იმუშავებენ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განსამუხტად.

„სერიოზულ შეშფოთებას გამოვთქვამთ ბოლო საათებში სიტუაციის ესკალაციის გამო. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რეგიონული მასშტაბის კონფლიქტი არავის ინტერესს არ პასუხობს და დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია. 

იმ პირობებში, როდესაც სიტუაცია გამუდმებით იცვლება, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმოქმედებთ დაძაბულობის შემცირების ხელშესაწყობად. დიპლომატიური გადაწყვეტა კონფლიქტის გაფართოების თავიდან ასაცილებლად ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში. 

არსებული ცნობით, მას შემდეგ, რაც ირანსა და ისრაელს შორის სიტუაცია დაიძაბა, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონმა, რომლის ქვეყანაც წელს G7-ის თავმჯდომარეა, ოთხშაბათს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მინისტრებთან სატელეფონო შეხვედრა გამართა, რათა ისრაელზე ირანის პირდაპირი თავდასხმის შემდეგ, რეგიონში სიტუაციის ესკალაციის თაობაზე ემსჯელათ.