„დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ” – ეს, თბილისში აშშ-ს საელჩოს ერთ-ერთი ბოლო ბანერ-პოსტია, რაც 4 ოქტომბერს ფეისბუქზე გამოქვეყნა. “ოცნებამ” ტრადიციულად უპასუხა, რომ საელჩოს გვერდის “მართვითი ფუქნცია ნაცმოძრაობას აქვს”. გარდა ამისა, მმართველი პარტია შეერთებულ შტატებს არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებს.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ აშშ თავის დამოკიდებულებებს ავლენს დემოკრატიული ღირებულებების მიმართ და თუ ეს “ოცნების” შეხედულებებს არ ემთხვევა, არ ნიშნავს, რომ არჩევნებში ერევა.
“ამერიკა არჩევნებში კი არ ერევა, ის აჩვენებს თავის დამოკიდებულებებს დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, რაც ამერიკის, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებას ხელი შეუწყოს.
“ამის ერთ-ერთი გზაა, დემოკრატიის შესახებ თავიანთი დამოკიდებულების ტირაჟირება. თუ აშშ-ს ღირებულებითი დამოკიდებულებები “ოცნების” შეხედულებებს არ ემთხვევა, უფლებას არ აძლევთ, რომ არჩევნებში ჩარევის მცდელობად განიხილონ.
“სინამდვილეში, კანონს, კონსტიტუციას და მთლიანად საერთაშორისო ნორმებს “ოცნება” არღვევს, როდესაც აცხადებს, რომ არჩევნების მერე, ოპოზიციას გავანულებთ, განსხვავებული აზრის ადამიანებს ყველას დავიჭერთ და ერთპარტიული მმართველობით დავრჩებით სამუდამოდო – ეს ხომ მთლიანობაში ანტიკონსტიტუციური განცხადებებია?!
“ჩემი შენ გითხარიო”- ამერიკელებს აბრალებენ, რომ მათი იდეები “ოცნების” გაჟღერებულ ამ პროპაგანდას არ ემთხვევა. “ოცნებას” აღიზიანებს, რომ არჩევნებში ხელი არ შეუშალოს იმან, რომ ამერიკა თავის დამოკიდებულებებს ამჟღავნებს დემოკრატიული პროცესის მიმართ”,- განაცხადა გოგოლაშვილმა.
კითხვაზე, როგორი იქნება დასავლეთის ყურადღება საქართველოს საპარლამენტი არჩევნებზე დაკვირვების თვალსაზრისით, ანალიტიკოსმა “რეზონანსს” უთხრა:
“საქართველოში ახლა უფრო მეტი დამკვირვებელი ჩამოვა, ვიდრე ოდესმე ჩამოსულა. ყველა მისია უფრო მეტად ყურადღებით იქნება – ყველანაირი დარღვევა ძალიან სკურპულოზურად აღირიცხება. საქართველოშიც ბევრია ორგანიზაცია თუ ინდივიდუალური პირები, რომლებიც არჩევნებზე დაკვირვებას აპირებენ. ეს პროცესი საკმაოდ კარგად იქნება წარმოჩენილი.
“სადამკვირვებლო ორგანიზაციების არჩევნებში დაკვირვების უფლების შეზღუდვა ვერ მოახერხეს, რადგან ძალიან დიდი ზეწოლა განიცადეს საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და მთლიანობაში მიხვდნენ, რომ ამის აკრძალვა კონტრპროდუქტიული იყო. ახლა თავისთავად ამ დისკრედიტაციას აგრძელებენ, შიში აქვთ, რომ არჩევნებს წააგებენ და რომ ასევე გაყალბებები და დარღვევები მოხდება და აქვს შიში იმისა, რომ ეს ორგანიზაციები ყველაფერ ამას სააშკარაოზე გამოიტანენ”, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა “რეზონანსთან”.
„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს პოსტს ეხმიანება, მდინარაძე მოუწოდებს საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი ფეისბუქ გვერდის მართვის ფუნქცია “ნაციონალური მოძრაობისგან”.
„მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან”, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და “ქარდებით” ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის საპასუხოდაც აშშ-ის საელჩომ პოსტები უკვე გაავრცელა, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის “კრედიტ სუისთან” ურთიერთობის საკითხები იყო. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, 3 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა ქარდი, წარწერით: „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება”.
ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ამ „ქარდებით” ხელისუფლებას ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ელაპარაკება, რადგან საელჩო და ელჩი ამერიკის პრეზიდენტს წარმოადგენს.
„ეს არის უნიკალური მოვლენა. არა მგონია, რომ სადმე მსგავსი ფორმით ყოფილიყოს პოზიცია გამოთქმული. ეს არის გენიალური მიგნება. ეს არის ძალიან სხარტი და ლაკონური. ასევე, რა თქმა უნდა, იუმორი და “ქართული ოცნების”დაცინვა, რომელსაც ელაპარაკება ისეთი მესიჯებით, რომელიც შესაძლოა სხვა სტილის გადაცემაში ყოფილიყო. მშვენიერია, ყველა პრობლემას, რასაც ამერიკის საელჩო ხედავს, ასეთი მოკლე და გასაგები ფორმით აღწერს. აქვს თუ არა ზემოქმედების ეფექტი საზოგადოებაზე? – აქვს.
“ქართული ოცნება” ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა. პირველად ვეთანხმები “ქართულ ოცნებას” – ყოჩაღ, მაგრად გაშიფრეთ. დიახ, ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა. ისევე როგორც მხარს უჭერს ამერიკის მთავრობა – საელჩო მთავრობის, ანუ პრეზიდენტის წარმომადგენელია. ანუ, ბაიდენი გელაპარაკებათ და დაგცინით. სუფრიდან ხომ გამოაგდო კობახიძე? ახლა ამ „ქარდებით” ბაიდენი ელაპარაკება, რადგან საელჩო და ელჩი ამერიკის პრეზიდენტს წარმოადგენს”, – აღნიშნა გოცირიძემ.
ამავე თემაზე საუბრისას, გოცირიძემ განმარტა, რომ ერთი დემოკრატიული ქვეყანაც კი არ არსებობს, რომელიც გვერდში “ქართულ ოცნების” მმართველობას უდგას.
“არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც მხარს ქართულ ოპოზიციას არ უჭერს. ერთი დემოკრატიული ქვეყანაც კი არ არსებობს, რომელიც გვერდში “ქართულ ოცნების” მმართველობას უდგას. ასეთები არიან – ბელარუსი, რუსეთი და ასეთი ავტორიტარული რეჟიმები. ასე რომ, დიდი სიამოვნებით ველოდები ამ „ქარდებს”, – აღნიშნა გოცირიძემ.
“ოცნების” დეპუტატი დავით მათიკაშვილი კი აცხადებს, რომ აშშ-ს საელჩოს „ქარდების” შინაარსი დეზინფორმაციულია.
„ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითი, რომელიც დეზინფორმაციის შინაარსის მქონეა. ვინ ებრძვის ოპოზიციას? – არავინ. გაცხადებული მიზანია, რომ ყველა კრიმინალი, ვისაც ქვეყნის წინაშე დანაშაულები აქვს ჩადენილი, კანონისა და კონსტიტუციის შესაბამისად უნდა გასამართლდეს. თუ ეს პარტიის შემთხვევაში იქნება, მისი ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება მოხდება, ეს როგორც ევროპაში ხდება. ოპოზიციას არავინ ებრძვის. სწორედ იმიტომ, რომ ჯანსაღი ოპოზიცია არსებობდეს, შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. სამწუხარო მოცემულობაა, რომ ამ „ქარდების” შინაარსი დეზინფორმაციულია”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.