„ჩვენს წინა სტატიაში ვწერდით – „ყოველგვარი იწილო-ბიწილოს გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები გაიმართება „ოცნებასა“ და ამერიკის მიერ შეკოწიწებულ ოპოზიციურ პარტიებს შორის (ოფიციალურად). რეალურად „ქართულ ოცნებასა“ და ამერიკის საელჩოს შორის“ – თუ დააკვირდებით საარჩევნო კამპანიას, ძირითადად ამერიკის საელჩო აქტიურობს თავისი ბანერებით, წინასაარჩევნო ლოზუნგებით. პირდაპირ შედიან დებატებში ქართული ოცნების ლიდერებთან, აკეთებენ წინასაარჩევნო მოწოდებებს“, – ამის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის განცხადებაშია აღნიშნული.
დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრები იმ პროგნოზებზე საუბრობენ, რომლებზეც მათ გასულ კვირას გასულ კვირას გაავრცელეს განცხადება და სადაც აღნიშნული იყო სანქციების თემის გააქტიურება, ცესკოზე მასიური დარტყმა და ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებაზე აქცენტირება.
„ნაცებს“ ბანერების გამოკვრაც კი აუკრძალეს, ხალხი რომ არ დააფრთხონ და გააღიზიანონ, არგუმენტიც მოუფიქრეს – „ქართულ ოცნებას“ ისე ეშინია ჩვენი ბანერების, ბიზნესი დააშინეს და არავინ გვიკრავსო! – ადრე ვიცინებდით ამ ხუმრობაზე, ახლა აღარც გვეღიმება. ვისაც დანახვა უნდა, ცხადია ყველაფერი თვალწინ დევს.
მეორე პროგნოზი იყო სანქციების თემის გააქტიურება, მაღალჩინოსნების დასანქცირების თემა, ამ თემით სპეკულირება და 26 ოქტომბრამდე ლარის გაუფასურება. უკვე ვიხილეთ ფორმულას სპეცრეპორტაჟი სანქციებზე, რაც საელჩომ უარყო, თუმცა ყველამ ვიცით პროპაგანდა როგორ მუშაობს. გაავრცელებ ტყუილს, მერე ერთხელ ოფიციალურად უარყოფ, თუმცა გაშვებული ნაღმი აგრძელებს მოქმედებას. ვნახოთ, 10-11 ოქტომბრიდან ეს თემა კიდევ ერთხელ და უფრო მეტი დატვირთვით გააქტიურდება.
სტატიაში ჩვენი პროგნოზი იყო მასიური დარტყმა ცესკოზე და ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებაზე აქცენტირება. როგორც აქ, ისე საერთაშორისო დონეზე. ყველამ ვნახეთ, ბოლო 2-3 დღეში გაკეთებული განცხადებები, რომ ოცნებას ხმების მოპარვას არ აპატიებენ, გაყალბებულ არჩევნებს არ შეეგუებიან, არჩევნების მოპარვით ევროპაში არ შეგვიშვებენ, აამოქმედებენ ყველა ბერკეტს და მოკლედ ნაცარტუტად გაქცევთო არ უთქვამთ, სხვა არ დაუკლიათ.
რას ნიშნავს ეს ფრაზები რეალურად – გასაგებია, რომ ამ არჩევნებს იგებთ და კიდევ ბევრს მოიგებთ ამ ოპოზიციის ხელში, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაწყობს, ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიასაც ჩავატარებთ, რომ მოიგებთ მერე არჩევნებს გაყალბებულად გამოვაცხადებთ, რევოლუციურ პროცესებსაც დავიწყებთ, საერთაშორისო ზეწოლას გავაძლიერებთ. ამის მერე ეს უვარგისები (ანუ ოპოზიცია), თუ მაინც ვერაფერს მოახერხებენ, მერე უკვე მომავალი გვიჩვენებს, როგორ დავლაგდებით თქვენს ხელისუფლებასთან. მით უმეტეს თქვენგან ორ კვირაში ჩვენც არჩევნები გვაქვს და თავის ტკივილი.
და ბოლოს, დასავლელი პიარგურუების მიერ მოფიქრებული ნარატივი, რომ ყველა ლოგიკურ კითხვას, დასკვნას, აზრს, ხედვას, ფაქტსაც კი, ჩვენ თვალწინ მომხდარს, ნანახსა და მოსმენილს რუსული ნარატივი დაარქვან, თუ ეს მათ მესიჯბოქსებში არ ჯდება, უკვე აღარ მუშაობს, ამოწურა თავი, გავიდა ბოლოში და ახლა ბუმერანგივით უბრუნდება მომგონს“, – აღნიშნულია განცხადებაში.