მაჭავარიანი აშშ-ის საელჩოზე: ამ მასშტაბის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, მით უმეტეს, საარჩევნო პერიოდში, არ მახსოვს მსოფლიოს რომელიმე წერტილში მომხდარიყო

„ფაქტობრივად, დღე არ გადის ისე, რომ ახალი ქარდი არ გამოქვეყნდეს, ამ მასშტაბის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, მით უმეტეს საარჩევნო პერიოდში, არ მახსოვს მსოფლიოს რომელიმე წერტილში მომხდარიყო“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატი

დეპუტატი აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს „დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიები“ არ იკრძალება, სიცრუეა და მაგალითისთვის გერმანია მოჰყავს.

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ფაქტობრივად დღე არ გადის ისე, რომ ახალი ქარდი არ გამოქვეყნდეს. ასეთი მასშტაბის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში, მით უმეტეს, საარჩევნო პერიოდში, მე პირადად არ მახსოვს მსოფლიოს რომელიმე წერტილში რომ მომხდარიყო.

რაც შეეხება ახალ ქარდს, რომელიც დაიდო, რომელიც შეეხებოდა იმას – „პარტიები არ იკრძალება დემოკრატიულ ქვეყნებშიო“, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმები, იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც გერმანიაში მაგალითად, ის პარტია, რომელიც რეიტინგით მეორე ადგილზეა, უკვე დაწყებული არის მისი აკრძალვის პროცესი. თუ ჩვენ გადავხედავთ ევროკავშირის ქვეყნებს, ბოლო ათწლეულებში ათობით პარტია აიკრძალა. შესაბამისად, ეს, რა თქმა უნდა, არის დეზინფორმაცია.

დეზინფორმაცია იყო, ასევე, მაგალითად წინა ქარდზე დატანილი მონაცემიც, სადაც ამერიკის საელჩო ამბობდა, თითქოს „ისფედმა“ 1.8% ცდომილება დაწერა და ამას ნუ გადავაყოლებთ ჩვენს ურთიერთობებსო. რეალური ცდომილება, რაც „ისფედმა“ დაწერა და პირდაპირ გააყალბა მონაცემი, ეს იყო 2.4%, რაც არის დააახლოებით 45 000 ხმა. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რითაც ააგორეს საპროტესტო მუხტი 2020 წელს. რატომღაც ეს ქარდზე არ დაუტანიათ.

ასევე, ქარდზე არ დაუტანიათ, რომ „ისფედმა“, ასევე, ისეც გააყალბა, რომ თითქოს დაახლოებით 300 უბანზე იყო ზედმეტობა, როდესაც რეალურად ზედმეტობა იყო 8 უბანზე. შესაბამისად, რა დასკვნების გაკეთება შეიძლება აქ? ასეთი აქტიური ჩარევა ცოტა კომედიურ ჟანრშიც გადადის. როდემდე უნდა გაგრძელდეს და რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი, არ ვიცი, დაველოდოთ“, – აცხადებს მმართველი გუნდის დეპუტატი.