გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინამ რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ Tagesschau წერს.
ამავე დროს, ბერბოკმა დასძინა, რომ არ სურს საჯაროდ განიხილოს, თუ რამდენად ღრმად შეძლებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ არის ვალდებული, საპასუხო დარტყმა მხოლოდ მაშინ განახორციელოს, როდესაც მის ტერიტორიაზე იერიში განხორციელდება.
„უკრაინის თავდაცვის უფლება არ ნიშნავს იმას, რომ რაკეტამ ჯერ უნდა გადაკვეთოს საზღვარი, ან მოხვდეს ხარკოვის მსგავს ქალაქს, ვიდრე მას რეაგირების უფლება მიეცემა. საუკეთესო საჰაერო თავდაცვასაც კი ყოველთვის არ შეუძლია ამის თავიდან აცილება“, – განაცხადა ბერბოკმა.
ბერბოკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი შეტევების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომების მიღებაა საჭირო.
„ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ იერიშის განხორციელების ადგილები გაანადგუროთ. საკითხავია, რამდენად შორს წავა ეს“, – დასძინა მან.
ბერბოკმა კონკრეტული მანძილების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, რადგან, მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა შესაძლოა, ამით ისარგებლონ.
ინფორმაციისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ სექტემბრის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის სამხედრო სამიზნეებზე დარტყმებისთვის დასავლური შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების შეზღუდვების მოხსნაზე გადაწყვეტილება შესაძლოა ზამთრის დაწყებამდე მიიღონ.