რა შედეგს მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე არჩევნების შედეგის ბათილად ცნობა – ბიზნესანალიტიკოსების მოსაზრებები

ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მიმართ კრიტიკა გაძლიერდა და რადიკალური ოპოზიციაც ამას საკმაოდ უწყობს ხელს, არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ალბათობაც გაზრდილია. ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ საქმე აქამდე არ მივა, თუმცა თუ დასავლეთი მსგავს გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს და არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდება, პირველ რიგში, ტურიზმი და მომსახურების სფერო დაზარალდება. ცხადია, მძიმე შედეგი იქნება ინვესტიციების მხრივ და ლარის კურსსაც შეარყევს. 

როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბელარუსის სცენარი საქართველოს შემთხვევაში მოსალოდნელი არ არის. მანამდე კი ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, რომ თუკი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ბრიუსელს მოუწევს საქართველოს მიმართ იგივე ზომები მიიღოს, როგორც ბელარუსის შემთხვევაში,  2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები თუ არ ჩატარდება ბელარუსში ნაცადი ზომების გამოყენება მოუწევთ.

2020 წელს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ გაყალბებულად და შესაბამისად, არალეგიტიმურად გამოაცხადა. ევროკავშირმა მინსკს მთელი რიგი სანქციები დაუწესა, ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა კი მძლავრი რეპრესიები წამოიწყო.

ქართველი ეკონომისტები ფიქრობენ, რომ საქართველოში არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის შემთხვევაში, ბელორუსისგან განსხვავებული სიტუაცია შეიქმნება, თუმცა კონკრეტულად როგორი, ამას  დიდწილად რუსეთთან დამოკიდებულების მასშტაბი განსაზღვრავს.

“რა შედეგს მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე არჩევნების შედეგის ბათილად ცნობა –  ეს დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ რეაქციაზეც, რა ზომებს მიიღებენ, დასანქცირება იქნება თუ  დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტა. მართალი გითხრათ, ამ რეაქციაზეც წინასწარ გამიჭირდება საუბარი, ბელორუსის და ვენესუელას მაგალითები შესადარებლად არ გამოდგება”, – განაცხადა “რეზონანსთან” საუბარში “აისეტის” მაკროეკონომიკურო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანალიტიკოსმა დავით კეშელავამ.

,,ორივე ქვეყანაში ეკონომიკა დაზარალდა რაღაც დონეზე, გარკვეული გავლენა ჩვენთანაც იქნება. სანქციების შემთხვევაში ან გართულებიული ეკონომიკის პირობებში უცხოური ნაკადების შემოდინება შემცირდება, რაც სავალუტო რყევებს გამოიწვევს.

ახლა იმაზე საუბარი ძნელია, საერთოდ იქნება თუ არა სანქციები. ეს საეჭვოა. მე პირადად პროცესების ასეთ განვითარებას არ ველოდები. ბელორუსი ბევრად უფრო დამოკიდებულია რუსეთზე, ვიდრე საქართველო, ნაკლებად ღია ეკონომიკა ჰქონდა. ამიტომ სანქციების გავლენა რუსეთის დახმარების ხარჯზე არ ყოფილა ისეთი მასშტაბური, რაც ვენესუელას შემთხვევაში იყო. საქართველო რუსეთზე ნაკლებად არის დამოკიდებული, ბევრს ვაჭრობს ევროპასთანაც და მიგრაციაც უფრო აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებისკენაა მიმართული. სანქციები თუ იქნება, ამ მხრივ ცუდ შედეგს მოიტანს, მაგრამ არ მგონია, აქამდე მივიდეს საქმე”, – აღნიშნა “ბიზნეს-რეზონანსთან” ანალიტიკოსმა.

ეკონომისტების მეორე  ნაწილი ყველაზე მეტ საფრთხეს მომსახურების სფეროს მიმართ ხედავს, განსაკუთრებით კი ტურიზმის მიმართულებით, საუბარია ასევე ლარის კურსზეც, ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური პროცესის გავლენა ამ მხრივ უმნიშვნელო არ იქნება, თუკი დასავლეთი საქართველოში არჩევნებს არ ცნობს.

,,ნებისმიერი სახის დაძაბულობა ცუდია ეკონომიკისთვის. გააჩნია, არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს შორის დაპირისპირება რა დონეს მიაღწევს. იმედი ვიქონიოთ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და დამარცხებული პარტია გამარჯვებულ მხარეს ღირსეულად მიულოცავს, დამარცხებას აღიარებს! ყველაფერი შეიძლება დავუშვათ ვარაუდის დონეზე, არაფერს გამოვრიცხავ.

რა თქმა უნდა, დაძაბულობა ეკონომიკისთვის მრავალმხრივ ცუდი შედეგის მომტანია. დააზარალებს ძალიან ბევრ დარგს, გაყალბების ფაქტები თუ დადასტურდება და ამის გამო არალეგიტიმურად გამოცხადდება არჩევნები, პირველ რიგში, ტურიზმს დაუდგება მძიმე პერიოდი, მომსახურების სექტორი დაზარალდება. ლარიც გაუფასურდება, ასევე ინვესტიციებიც. საერთაშორისო შეფასებებზე ბევრია დამოკიდებული, პოზიცია თუ ოპოზიცია ხშირად იშველიებს სტანდარტებს, რასაც ევროკავშირი ან აშშ აწესებს. შესაბამისად, დასავლეთი არჩევნებს როგორ შეაფასებს, ეს მნიშვნელოვანია, არალეგიტიმურად ცნობა არავისთვის არ იქნება კარგი, ბიზნესი და  ასევე მოსახლეობა ძალიან დაზარალდება”, – განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა.