Bloomberg: ინდოეთი ჩინეთის შემდეგ რუსეთისთვის აკრძალული ტექნოლოგიების უმსხვილესი მიმწოდებელია

ინდოეთიდან რუსეთში ისეთი აკრძალული საქონლის, როგორიცაა მიკროჩიპები, სქემები და დაზგები, ექსპორტმა ამა წლის აპრილსა და მაისში 60 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა თვეების მონაცემებს ორჯერ აღემატება. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მხოლოდ ივლისში ინდოეთმა რუსეთში 95 მილიონი დოლარის ოდენობის აკრძალული საქონლის ექსპორტი განახორციელა. ამ მხრივ ინდოეთს მხოლოდ ჩინეთი უსწრებს.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მიწოდებული აკრძალული ტექნოლოგიების თითქმის მეხუთედი ინდოეთზე მოდის.

Bloomberg-ის მტკიცებით, ახალი მონაცემები ხაზს უსვამს იმას, თუ რა სირთულეებს აწყდებიან აშშ და მისი მოკავშირეები, რომლებიც უკრაინაში წარმოებული რუსეთის ომის შესაძლებლობების შეზღუდვას ცდილობენ. ორმაგი დანიშნულების ტვირთის პირდაპირ რუსეთისთვის მიყიდვა აკრძალულია, ამიტომაც კრემლმა მათი შესყიდვა მესამე ქვეყნების მეშვეობით დაიწყო.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ კვლავ შეშფოთებულები არიან ინდოეთის მთავრობისა და კომპანიების მოქმედებებით.

ამასთან ერთად, აშშ-ის და ევროკავშირის პოლიტიკოსებს ინდოეთის მთავრობასთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება სურთ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან კარგ ურთიერთობებს ამყარებს.

გარდა ამისა, Bloomberg-ი ამტკიცებს, რომ ინდოეთი რუსეთის ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველია. ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკები არაერთხელ ჩასულან ინდოეთში, რათა ქვეყნის ხელისუფლება დაერწმუნებინათ, რომ სანქცირებული ტვირთის მიწოდება რუსეთისთვის აღეკვეთა. რამდენიმე ინდურ კომპანიას სანქციებიც დაუწესეს.