ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შედგენილი გამარჯვების გეგმის თანახმად, უკრაინა აშშ-სა და ევროკავშირს სთავაზობს ხელი მოაწერონ სპეციალურ შეთანხმებას, რომელიც უკრაინის მნიშვნელოვანი რესურსებით, ისეთებით, როგორიცაა ლითიუმი, გაზი, ტიტანი და სხვა, საერთო სარგებლობას და მომავალში ენერგიის ერთად წარმოებას გულისხმობს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, ზელენსკის გამარჯვების გეგმა სულ ხუთი პუნქტისგან და სამი საიდუმლო დანართისგან შედგება. პირველი პუნქტი უკრაინის ნატოში მიწვევაა.
მეორე პუნქტი უკრაინისთვის იარაღის სწრაფ მიწოდებას და მის გამოყენებაზე არსებული ყველა შეზღუდვის მოხსნას გულისხმობს. გარდა ამისა, უკრაინა სთავაზობს პარტნიორებს, მის ტერიტორიაზე განათავსონ სტრატეგიული, არაბირთვული იარაღი, რომელიც, როგორც კიევში ფიქრობენ, რუსეთის შეკავების როლს შეასრულებს.
გამარჯვების გეგმის ბოლო პუნქტი უკრაინის ომის შემდეგ როლს ეხება. როგორც უკრაინული მხარე იუწყება, ომგამოვლილ უკრაინის ჯარს ევროპის უსაფრთხოების საქმეში წვლილის შეტანა შეეძლება.