ამერიკულმა ბომბდამშენებმა იემენში ჰუსიტების იარაღის საცავებზე იერიში მიიტანეს

ამერიკულმა ძალებმა B-2 ბომბდამშენებით იემენში „ჰუსიტების“ იარაღის საცავებზე საჰაერო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ პენტაგონი იტყობინება.

როგორც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა აღნიშნა, ეს ოპერაცია მიზნად ისახავს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის თავდასხმების შემცირებას, რამაც ზიანი მიაყენა კომერციულ გემებს წითელ ზღვაში.

ამერიკული ძალების ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა.

როგორც ცნობილია, 2023 წლის ნოემბრიდან ირანის მიერ მხარდაჭერილმა „ჰუსიტების“ ბოევიკემა სავაჭრო გემებზე არაერთხელ მიიტანეს იერიში. „ჰუსიტების“ მტკიცებით, მათი სამიზნეა ისრაელთან დაკავშირებული ხომალდები.

ამის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დაიწყეს რეგიონში პატრულირება სავაჭრო გემების დასაცავად.

ინფორმაციისთვის, მეამბოხე ჰუსიტები, რომლებიც იემენის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ თავს დაესხმებიან ნებისმიერ გემს, რომლებიც წითელი ზღვის გავლით ისრაელისკენ მიემართებიან.

ჰუსიტები – იემენში მოქმედი შეიარაღებულ დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის შიიტურ მუსლიმურ უმცირესობას, ზეიდიტებს წარმოადგენს. აღნიშნული გაერთიანება შეიქმნა 1990-იან წლებში იმისათვის, რომ როგორც თავად ამბობდნენ, იმდროინდელი პრეზიდენტის – ალი აბდულა სალეჰის კორუმპირებულ რეჟიმთან ებრძოლათ.