შოლცი „გამარჯვების გეგმაზე“: არის გადაწყვეტილებები, რომლებიც პირადად მივიღე და ისინი არ შეიცვლება

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან მიიღო და ისინი „არ შეიცვლება“. ამის შესახებ შოლცმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ოლაფ შოლცი და ვოლოდიმირ ზელენსკი

შოლცის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ლიდერებს ექნებათ შესაძლებლობა, ესაუბრონ ზელენსკის, რომელიც დღეს სამიტზე უკრაინის „გამარჯვების გეგმის“ წარდგენას აპირებს.

„მე თვითონ გავაკეთე ეს ძალიან აქტიურად და არაერთხელ, ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში, მას (ვოლოდიმირ ზელენსკის) ძალიან ხშირად ვხვდებოდი. თქვენ იცით გერმანიის პოზიცია ამ საკითხებზე. ამ თვალსაზრისით, არაფერი შეიცვლება“, – აღნიშნა შოლცმა.

მან დასძინა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ „ვაწყობთ სოლიდარობას და ვსაუბრობთ იმაზე, რაც შესაძლებელია“ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით.

„აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ჩვენ გვქონდეს საშუალებები, რომლებიც უკრაინას თავდაცვის შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, არსებობს სტრატეგიული საკითხები განსახილველად. თქვენ იცით, რა გადაწყვეტილებები მივიღე და ეს არ შეიცვლება“, – ხაზგასმით აღნიშნა ოლაფ შოლცმა. 

ცნობისთვის, 16 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში „გამარჯვების გეგმა“ წარადგინა. იგი შედგება 5 პუნქტისგან, რომელთაგან სამს აქვს საიდუმლო დანართი. პირველი პუნქტი უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ მიწვევას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, გეგმის ერთ-ერთი პუნქტი ეხება რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის დასავლური შორი მოქმედების იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნა. ამ კონტექსტში, უკრაინა თვეებია, ცდილობს, მიიღოს ბერლინის თანხმობა Taurus-ის საკრუიზო რაკეტების გადაცემაზე, მაგრამ შოლცი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ზელენსკიმ შოლცს „გამარჯვების გეგმა“ 11 ოქტომბერს ბერლინში წარუდგინა.