ზელენსკი: დასავლეთს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობაზე ჩვენთან არასდროს უსაუბრია, მათ ამის ეშინიათ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დასავლელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობის იდეას განიხილავენ, ამის შესახებ მასთან არ უსაუბრიათ, რადგან ეშინიათ. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

უკრაოინის პრეზიდენტი

ზელენსკის თქმით, დასავლელ ოფიციალურ პირებს, რომლებიც კიევს სთავაზობდნენ შეთანხმებას, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაეთმო, მასთან კონსულტაციები არ გაუვლიათ.

„ხალხს ეს არასოდეს უთქვამს [ჩვენთვის]. ამის თქმა ხალხს [ჩემთვის] ეშინია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ამ დასავლელ მაღალჩინოსნებს მოუწოდა, ეს წინადადება უკრაინელების „მაგიდაზე ღიად დადონ“.

„არა მესამე მხარის მეშვეობით. ისაუბრეთ ჩვენთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ადრე Financial Times-ი წერდა, რომ უკრაინაში ომი შეიძლება დასრულდეს შეთანხმებებით, რომლითაც კიევი უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებდა, მოსკოვი კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს შეინარჩუნებდა.

გამოცემა წერდა, რომ ამ სცენარს „სულ უფრო აქტიურად განიხილავენ არა მხოლოდ დასავლელი, არამედ უკრაინელი ოფიციალური პირებიც“.

„მიწის დათმობა ნატოს წევრობის მოსაპოვებლად შეიძლება იყოს „ერთადერთი თამაში ქალაქში“, როგორც ერთმა დასავლელმა დიპლომატმა გვითხრა, მაგრამ უკრაინელებისთვის ეს ტაბუდადებული რჩება, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ“, – წერდა გამოცემა.