კანადა უკრაინას 47 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს – Reuters

კანადა უკრაინას 64,8 მილიონი კანადური დოლარის (დაახლოებით 47 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოუყოფს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მცირე იარაღსაც მოიცავს. ამის შესახებ Reuters-ი კანადის თავდაცვის მინისტრ ბილ ბლერზე დაყრდნობით იუწყება.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯასტინ ტრუდო

სააგენტოს ცნობით, დახმარების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს ფულს უკრაინული ჯარების მომზადებისთვის, წარმოადგენს 500 მილიონი კანადური დოლარის სამხედრო დაფინანსების ნაწილს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო უკრაინას ივლისში დაჰპირდა.

დახმარების პაკეტი მოიცავს მცირე იარაღს, საბრძოლო მასალასა და დამცავ აღჭურვილობას.

ბლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოცხადებული დახმარება უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვისთვის აუცილებელ მნიშვნელოვან რესურსებს მიაწვდის.

„კანადა გააგრძელებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა მათ გამარჯვებაში დავეხმაროთ”, – დასძინა მან.