აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ბერლინში ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას მშვიდობისთვის საერთო პასუხისმგებლობა აქვს.
მისი თქმით, გერმანიის პოზიცია ნათელია – მხარი დაუჭიროს უკრაინას იმდენად ენერგიულად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
„ამავდროულად, ჩვენ ვზრუნავთ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ომის მხარე არ გახდეს, რათა ამ ომმა გაცილებით დიდი კატასტროფა არ გამოიწვიოს. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას და ვერავინ წაგვართმევს მას“, – განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, აშშ და გერმანია ერთობლივად იცავენ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, რათა რუსეთმა ის ძალის გამოყენებით ვერ დაიპყროს.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება .პუტინმა არასწორად გათვალა, ის ვერ გაუძლებს ამ ომს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
შოლცმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა ასევე ერთად მუშაობს ძლიერი ნატოსთვის და იცავს ალიანსის ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრს.
ცნობისთვის, ოლაფ შოლცმა, შემდგომი ესკალაციის შიშით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი „გამარჯვების გეგმის“ ძირითადი პუნქტები უარყო.