ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ომბუდსმენმა ანას ქიშმარიამ სოხუმის დე ფაქტო ლიდერს ასლან ბჟანიას მიმართა ჩეჩენი საველე მეთაურისთვის, შამილ ბასაევისთვის „აფხაზეთის გმირის“ წოდების ჩამორთმევის თხოვნით. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის მუზეუმში „აფხაზეთის გმირების“ ექსპოზიცია, სადაც შამილ ბასაევის სურათიც იყო, არქივში გადაიტანეს. ეს ე.წ. თავდაცვის მინისტრის, ვლადიმერ ანუას მოთხოვნით მოხდა. ის თავის მოადგილესთან ერთად მუზეუმს ესტუმრა და ექსპოზიციის დახურვა მოითხოვა. მუზეუმის თანამშრომლები ამას აპროტესტებდნენ, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მიღებული იყო.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სოხუმის მუზეუმში შამილ ბასაევის ფოტო იყო წარმოდგენილი, რუსულმა ტელეგრამ-არხებმა გაავრცელეს. სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩოში განაცხადეს, რომ ამ ფოტოს დემონსტრაცია მიუღებელია. ამის შემდეგ მუზეუმში თანამედროვე ისტორიის დარბაზი დახურეს, სადაც ბასაევის ფოტო ეკიდა. მუზეუმის ადმინისტრაციამ მაშინ განაცხადა, რომ ბასაევის ფოტოს მანამდე არ მოაშორებენ, ვიდრე სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან ბასაევს „აფხაზეთის გმირის“ წოდებას არ ჩამოართმევენ.
ჩეჩენი საველე მეთაური შამილ ბასაევი 1992-1993 წლებში, აფხაზეთში მიმდინარე ომის დროს აფხაზური შენაერთების მხარეს საქართველოს ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. ის ქალაქ გაგრის შტურმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, სადაც ბევრი მშვიდობიანი ქართველი დახვრიტეს. მოგვიანებით, 1994-1996 წლებში, ბასაევი ჩეჩნეთის ძალების მხარეს ჩეჩნეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა. ბასაევმა თავად რუსეთის ტერიტორიაზე რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი მოაწყო. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია 1995 წელს რუსეთის ქალაქ ბუდიონოვსკის საავადმყოფოში შეჭრა და იქ 1000-მდე მძევლის აყვანა. 1999 წელს დაღესტანში ბასაევის შეჭრის შემდეგ ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო. შამილ ბასაევი 2006 წლის 10 ივლისს ინგუშეთში, ნაზრანის მახლობლად მოკლეს, ის სატვირთო ავტომობილში ააფეთქეს, რომლითაც, სავარაუდოდ, იარაღი გადაჰქონდათ.