ოსტინი უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების გაგზავნას არ ადასტურებს

აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განაცხადებით, ვერ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის რუსეთში ჯარები გაგზავნა. ამის შესახებ მან 19 ოქტომბერს ნეაპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლოიდ ოსტინი

„ამ მომენტისთვის ამ ცნობებს ვერ დავადასტურებ. ეს არის ის, რის გამოძიებასაც გავაგრძელებთ“, – აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი შემაშფოთებელი იქნება, თუ სიმართლე აღმოჩნდება.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტომ პარასკევს [18 ოქტომბერს] განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ადგილობრივ სამხედრო ბაზებზე წვრთნისა და აკლიმატიზაციისთვის სპეცდანიშნულების რაზმის 1 500 ჯარისკაცი გაგზავნა. ამავე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ისინი უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულა იმაში, რომ ის მოსკოვის დასახმარებლად 10 000 ჯარისკაცის გასაგზავნად ემზადება.

თუმცა, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ამ კვირაში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

ესტონეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ომში მონაწილეობა ფრონტზე სიტუაციას არ შეცვლის.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კი განაცხადა, რომ თუკი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროების მონაწილეობა დადასტურდება, ეს კრემლის „სასოწარკვეთილების დონეს“ აჩვენებს.