გარედან ჩარევის საფრთხე: ბანდერელი ფაშისტები ქართული დემოკრატიის წინააღდეგ

თბილისში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც დამდეგ საპარლამენტო არჩევნებს მიეძღვნა. განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა არჩევნებსა და საქართველოს სხვა სუვერენულ საქმეებში გარე ჩარევის, კერძოდ, უკრაინიდან ჩარევის, საფრთხე.

შეხვედრის ინიციატორი და მოდერატორი ცნობილი ჟურნალისტი და უფლებადამცველი, სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმარი ზაზა დავითაია გახლდათ.

დავითაიამ დაწვრილებით ისაუბრა უკრაინაში ფაშისტური რეჟიმის მხრიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა-შევიწროების შესახებ. მან ახსენა კონსტანტინეპოლის პატრიარქის ბართოლომეოსის მიერ ამ რეჟიმის მხარდაჭერა, რაც საეკლესიო კანონებს ეწინააღმდეგება და აშშ-ის ინტერესების გატარებას წარმოადგენს. აშშ-ს მიერ ფავორიზებული „მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინისა“ (ПЦУ) არ არის ეკლესია, იგი უბრალოდ, სიყალბეა და მართლმადიდებელ სამყაროში კანონგარეშეა – აღნიშნა ზაზა დავითაიამ.

ქართველმა ჟურნალისტმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ) წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის არაერთი მაგალითი მოიტანა და ხაზი გაუსვა, რომ „უნდათ, ჩვენ, მართლმადიდებლები, შეგვაჩვიონ ჩვენი სიწმინდეების შებღალვას“.

შემდეგ, დავითაიამ შეაჯამა მრგვალ მაგიდასთან გამართული შეხვედრის მიზანი და ამოცანები და დასვა საკითხი, რომელიც საქართველოსთვის უკრაინიდან მომდინარე საფრთხეებს შეეხებოდა. ამ საფრთხეებს, მომხსენებლის თქმით, აქვთ რელიგიური, პოლიტიკური და სამხედრო ასპექტები. დავითაია დარწმუნებულია, რომ ადგილი ექნება მცდელობებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შიგნიდან აირიოს, უკრაინის მაგალითით.

„ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი ევროპიდან, თუ როგორ დაცარიელდა ტაძრები, როგორ შეწყდა იქ ღვთისმსახურება და ეწყობა სხვადასხვა სახის შოუ. ეს პრაქტიკა, უფრო უხეში და მიუღებელი ფორმით, გადაიტანეს უკრაინაში. ახლა გლობალისტებს სურთ, იგივე გააკეთონ საქართველოსთან და მის ეკლესიასთან მიმართებით. ისინი იწყებენ ეკლესიის ლიბერალიზაციით – ასეთი მინიშნებები და ქადაგებებიც, უკვე ჩატარდა. ამიტომ, უნდა შევიკრად ერთად ყველანი, მორწმუნეები, ასევე არამორწმუნეებიც – ისინი, ვისაც ესმის მიმდინარე პროცესების მნიშვნელობა“ – აღნიშნა ზაზა დავითაიამ, რითაც დისკუსია გახსნა.

ვიქტორ ცაავა, ისტორიკოსი, პარლამენტარ ფრიდონ ინჯიას („ევროპელი სოციალისტები“) თანაშემწე:

„საქართველოს უკრაინიზაცია მისთვის კიდევ უფრო დიდი კატასტროფა იქნება, ვიდრე ეს საკუთრივ უკრაინაში ხდება. ჩვენ იოლად გაგვწირავენ, თანაც ისე, რომ შეიძლება, ისტორიაში ჩვენი კვალიც არ დატოვონ“.

ჯუმბერ თავართქილაძე, პოლიტოლოგი (ქ. ბათუმიდან): „ჩვენ არ უნდა დავუშვათ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება. ამასთან, მე მაქვს არაერთი კითხვა ახლანდელ ხელისუფლებასთან, რომელშიც უხვად არიან ვითომ „ყოფილი“ ნაციონალები… ჩემი ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს სიახლოვეს, ხოფას რაიონში, იმყოფება უკრაინიდან წამოსული რამდენიმე ათეული ბოევიკი, რომლებიც ელოდებიან მომენტს, გადმოლახონ ჩვენი საზღვარი, რომელიც პრაქტიკულად დაუცველია“.

თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს:

გულბაათ რცხილაძემ – პოლიტოლოგიის დოქტორმა, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თემურ მაისურაძემ – პროფესორმა, ყოფ. პარლამენტარმა, სოსო შატბერაშვილმა – ყოფ. პარლამენტარმა, ტარიელ გაგნიძემ – გამოცემა „საქართველო და მსოფლიოს“ ხელმძღვანელმა, ვიქტორ კუსიანმა – „ევრო-აზიური ალიანსის“ ხელმძღვანელმა, პაატა აბულაძემ – „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გადამდგარმა სამხედრო ოფიცერმა, ტრისტან წითელაშვილმა – გადამდგარმა ბრიგადის გენერალმა, შოთა აფხაიძემ – საერთაშორისო სამართლის მაგისტრმა, რუსულ-ქართული ურთიერთობების ექსპერტმა, გოჩა ხარანაულმა – ცნობილმა პოეტმა, ელიზბარ ელიზბარაშვილმა – პროფესორმა, დიმიტრი ნიკოლაძემ – ეკონომისტმა, ერეკლე კუხიანიძემ – ისტორიკოსმა, ხელოვნებათმცოდნემ, მსახიობმა.

დავით მეფარიშვილმა – მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენელმა, სარკაზმული კომენტარი გააკეთა საქართველოში გავრცელებულ ლოზუნგზე – „ღირსებით ევროპაში!“: „ევროპაში ღირსებით ბოლოს მხოლოდ სტალინი შევიდა!“

გულბაათ რცხილაძემ ასევე წარადგინა მ. გრიგორიევისა და მ. საბლინის წიგნი «Украинские преступления против человечности (2022-2023)» და აღნიშნა, რომ წიგნში თავმოყრილია დოკუმენტური მონაცემები და ჩვენებები კონკრეტული ადამიანებისა – უკრაინის მცხოვრებლებისა, რომელთა საცხოვრებელი ადგილები რუსეთის არმიამ გაათავისუფლა ან თავად გამოექცნენ ბანდერულ ხელისუფლებას. „წიგნში ყველაფერი დოკუმენტირებული და დახარისხებულია, ძალიან ბევრია ბანდერული შეიარაღებული ძალების მიერ წამების, საცხოვრებელი სახლების დაბომბვების, მშვიდობიანი მოსახლეობის „ცოცხალ ფარად“ გამოყენების და სხვა დანაშაულებათა დამადასტურებელი მასალები“ – აღნიშნა რცხილაძემ. მან მსურველებს ასევე დაურიგა მოსკოვში 2023 წელს გამოცემული ბროშურის რამდენიმე ეგზემპლიარი: «Специальная военная операция России на Украине (Основные понятия, определения, доводы)».

დაბოლოს, ზაზა დავითაიამ დამსწრეთ შესთავაზა, კენჭი ეყარათ მრგვალი მაგიდის მონაწილეთა შემაჯამებელი განცხადების ტექსტისათვის, რომელიც მან თავად წაიკითხა. ტექსტში ზოგიერთი დაზუსტების შეტანის შემდეგ, მრგვალი მაგიდის ყველა მონაწილემ ხმა მისცა რეზოლუციას.

ქვემოთ გთავაზობთ ამ ტექსტს:

საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს შედგება, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ამ არჩევნებზე, ქართველ ხალხს ეძლევა საშუალება, საბოლოოდ დაამარცხოს გლობალისტური ძალების მიერ მართული რევანშისტები. თუმცა ეს უკანასკნელნი, გარეშე ძალების დახმარებითა და საქართველოს საქმეებში მათი ჩარევით, აშკარად აპირებენ ვითარების შერყევის მცდელობების განხორციელებას.

რევანშისტული ოპოზიცია, გარდა იმისა, რომ დასავლეთის გავლენიანი წრეების საფინანსო და დიპლომატიური მხარდაჭერით სარგებლობს, განიხილავს მოვლენათა ძალოვანი განვითარების სცენარებსაც. უკრაინაში გაბატონებული მოფაშისტო რეჟიმის მიერ შეფარებული საქართველოს მოქალაქე ბოევიკები პირდაპირ იმუქრებიან ხელისუფლების მისამართით, რაც, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ გამოსვლას ნიშნავს.

ვგმობთ ყოველგვარ ჩარევას საქართველოს საქმეებში. ვაფრთხილებთ ყველას, რომ საფრთხეშია ქართული დემოკრატია და მას გარე ძალები ემუქრებიან!

მოვუწოდებთ საზოგადოებას სიფხიზლისკენ, ხოლო ხელისუფლებას – კანონის აღსრულებისკენ. საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ“, კერძოდ, მისი 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს მოქალაქეობის ავტომატურად გაუქმებას იმ პირებისთვის, რომლებიც „საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევლენ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში“.

აშკარაა, რომ კანონის ამ მოთხოვნას უკრაინის ფაშისტური რეჟიმის სამსახურში ჩამდგარი ქართული წარმოშობის ბოევიკების უდიდესი ნაწილი არღვევს.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღასრულოს კანონი და ჩამოართვას ასეთ პირებს მოქალაქეობა, საჭიროების შემთხვევაში კი, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ზომებიც.

შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ უცხოეთში საომარ მოქმედებებში და არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებში მონაწილეობაზე პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც (მუხლი 310-ე). ქართველ ბოევიკთა დიდი ნაწილი სწორედ ამგვარ სტრუქტურებშია, დაქირავებულის სტატუსით.

ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, საქართველოდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, საქართველოს ჩათრევას ცდილობენ რუსეთის წინააღმდეგ ახალ ომში. ასეთ პირებს აუცილებლად უნდა გაუუქმდეთ ბინადრობის უფლება – ვისაც აქვს ასეთი, ხოლო დანარჩენები დაუყოვნებლივ უნდა იქნან დეპორტირებულნი.

განცხადების ტექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს ღონისძიების მონაწილეებმა (სულ 19კაცი)

თბილისი, 21 ოქტომბერი, 2024 წ.