CNN: ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატები არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან

აშშ-ის ექსპრეზიდენტმა და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დემოკრატებისაგან არჩევნების გაყალბებას ელის. მის სიტყვებს CNN-ი ციტირებს.

დონალდ ტრამპი

ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დონალდ ტრამპმა მომავალი კენჭისყრის შედეგები ეჭვქვეშ დააყენა და ოპონენტები არჩევნების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა.

„ჩვენ [წინასაარჩევნო ღონისძიებებზე] გვყავს ყველაზე მეტი ადამიანი, ვინც კი ოდესმე გინახავთ. მე ვიყავი კალიფორნიაში. ვისურვებდი, რომ ღმერთი ჩამოვიდეს ჩვენთან და იყოს ის, ვინც ხმებს დაითვლის, თუნდაც ერთი დღით და ნახოს, რა კარგი შედეგები გვექნება კალიფორნიაში“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, კალიფორნია „ლურჯი“ შტატია, სადაც ამომრჩეველთა უმრავლესობა სტაბილურად ხმას დემოკრატებს აძლევს.

„ოდესმე გსმენიათ გამოთქმა, რომ ხმების დამთვლელი კანდიდატზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია? სამწუხაროდ, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. ვადამდელი კენჭისყრა უკვე დაიწყო და ზოგიერთ შტატში პირველ დღეს რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა.