ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 35 მლრდ ევროს კრედიტს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინასთან საკრედიტო თანამშრომლობის მექანიზმის შექმნასა და მაკროეკონომიკური დახმარების გამოყოფას მხარი დაჭრა. ამ გადაწყვეტილებით უკრაინამ 35 მლრდ. ევრო უნდა მიიღოს. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ინიციატივას 518-მა ევროდეპუტატმა დაუჭირა მხარი, 56-მა წინააღმდეგ მისცა ხმა და 61-მა თავი შეიკავა. ეს გადაწყვეტილება G7-ის ინიციატივის გაგრძელებაა. კრედიტის დაფარვა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგებით მოხდება. უკრაინას ევროკავშირიდან მიღებული თანხების გამოყენება საკუთარი შეხედულების მიხედვით შეუძლია.

უკრაინა ამ კრედიტს 2025 წლის ბოლომდე მიიღებს. მისი გამოყოფა უკრაინის მიერ დემოკრატიული მექანიზმების, ადამიანის უფლებათა ხელშეწყობის ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, კრედიტის გამოყოფა უკრაინის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს და მისი გამოყენება, მათ შორის შეიარაღების და საბრძოლო მასალების შეძენას მოხმარდება.