სიკორსკი პოლონეთიდან რუსეთის ელჩის გაძევებას არ გამორიცხავს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთის ჰიბრიდული ომის საპასუხოდ, პოლონეთი ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ გამორიცხავს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთი ახორციელებს ჰიბრიდულ ომს პოლონეთის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს დეზინფორმაციის გავრცელებას, კიბერშეტევებს ინსტიტუტებსა და კომპანიებზე, პოლონეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთას და დივერსიულ აქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ჩვენ რუსეთის ელჩს თუ გავაძევებთ, ისინი, რა თქმა უნდა, იმავეს გააკეთებენ. ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ თუ დივერსიები გაგრძელდება, ამის გამორიცხვა არ შეიძლება“ – განაცხადა სიკორსკიმ.

ამასთან, პოლონელმა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რუსები გონს მოეგებიან და პოლონეთის რეაქცია შეაჩერებს ჰიბრიდული ომის შემდგომ აქტებს.

„ჩვენ ვიცით, რას გეგმავენ რუსები, ამიტომ ძლიერ გზავნილს ვუგზავნით: შეჩერდით“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.