თებერვალში მეც ვამბობდი რომ ვირუსი მკვლელია, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა რომ ეს ასე არ არის

თებერვალში მეც ვამბობდი რომ ვირუსი მკვლელი არის, მაგრამ გამოცდილებამ აჩვენა რომ ეს ასე არ არის, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის შესახებ დიდი გამოცდილება არ გვქონდა. ექიმობა განისაზღვრება თეორიულ ცოდნას პლიუს პრაქტიკული გამოცდილება, და რადგან იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში საშინელება ხდებოდა, ადამიანები იხოცებოდნენ, ალბათ იქ ეს გამოუცდელი ექიმობით ხდებოდა. ჩვენმა ქვეყანამ ამაში დრო მოიგო, მათმა გამოცდილებამ დაგვანახა რომ ეს ვირუსი, რომელსაც მანამდე ვეძახდით, რომ არის მომაკვდინებელი, ასე არ ყოფილა.

დაგროვდა გამოცდილება, მივიღეთ ცოდნა, ეს აღმოჩნდა ვირუსი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ყველა ის ორგანი რომელსაც ადამიანის ორგანიზმშია მოთავსებული. შევისწავლეთ ამ ვირუსის ბიოლოგიური ასპექტები, ამა თუ იმ ეტაპზე რა გართულებას იძლევა. სიმპტომური თერაპიით ამ ვირუსთან ბრძოლას გამარჯვებით მივაღწევთ. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიაზე და ეპიდემიაზე გამარჯვება მაშინ ხდება, როდესაც შეიქმნება ვაქცინა და პათოგენეზური მკურნალობა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”