ისრაელის თავდაცვის ძალებმა 25-26 ოქტომბერს ღამით ირანის სამხედრო ობიექტებზე ავიაიერიშები განახორციელეს. ისრაელის ძალების ცნობით, ეს იყო ირანის სარაკეტო იერიშზე პასუხი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
შეტევა სამ ტალღად განხორციელდა. ისრაელის შეტევის ობიექტები თეირანში მდებარე ყაზარმები და იარაღის საწყობები იყო. ასევე შეტევები ირანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზებზე განხორციელდა.
ირანის მედიის ცნობით, თეირანის ორივე აეროპორტი შეტევის დროს „ნორმალურ რეჟიმში მუშაობდა“. მოგვიანებით ირანის ხელისუფლებამ ქვეყნის საჰაერო სივრცე დახურა. თეირანში არავინ დაღუპულა. მოსახლეობას ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდება. ასევე საჰაერო სივრცე ერაყის თავზეც დაიხურა.
თეირანში მინიმუმ 7 აფეთქების ხმა გაისმა. ერთ-ერთი ობიექტი „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის“ შტაბ-ბინა იყო.
„ყველა თვითმფრინავი აეროდრომებზე დაბრუნდა, დანაკარგი არ არის. მისია შესრულებულია“, – განაცხადეს ისრაელის შეიარაღებულ ძალებში.
ისრაელის საჰაერო იერიში ირანზე იყო პასუხი 1-ელ ოქტომბერს ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმაზე, როდესაც ირანმა 200-მდე რაკეტა გამოიყენა, მათი უმეტესობა ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა გაანადგურეს.