გიორგი გახარია – პირადობის მოწმობებით მანიპულირებასთან დაკავშირებით უკვე საკმარისზე მეტი მტკიცებულებები გვაქვს, რომ მივმართოთ პროკურატურას

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნებში ე.წ. პირადობის მოწმობებით მანიპულირებასთან დაკავშირებით პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს.

გიორგი გახარია - პირადობის მოწმობებით მანიპულირებასთან დაკავშირებით უკვე საკმარისზე მეტი მტკიცებულებები გვაქვს, რომ მივმართოთ პროკურატურას

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ოცნებას“ და პერსონალურად ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი და სამართლიანობის განცდა ამ ქვეყანაში.

„ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსი არ გამოიყენეს და ეს ბოლო შანსიც უნდა ყოფილიყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამ პოზიტიური როლის შესრულებას ქვეყნის ისტორიაში და ქვეყნის ევროპული მომავლის განხორციელებაში, ძალაუფლების შენარჩუნებას საკუთარი მილიარდების გადარჩენა, სიხარბე ამჯობინა. საბოლოო ჯამში, სიხარბემ მიგვიყვანა იმ ძალიან მძიმე კრიზისულ მდგომარეობასთან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. დღეს გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ისეთი საარჩევნო სქემების მანიპულაციების სისტემური ხასიათი დავადასტუროთ, როგორიცაა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სრულად პარტიასთან დაკავშირებული ადამიანებით, მათი ნათესავებით და ურთიერთდაკავშირებული პირებით. „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა, ფაქტობრივად მძევლად აიყვანა საჯარო მოხელეები, რომლებსაც აშანტაჟებდა ხელფასით და პირდაპირ დავალებას აძლევდა, რომ ისინი მარტო კი არ უნდა მისულიყვნენ და ხმა მიეცათ „ოცნებისთვის“, საკუთარ ოჯახის წევრებზე გარანტიები უნდა გაეცათ, რომ ისინიც „ოცნებას“ მისცემდნენ ხმას. ფაქტობრივად ყველა უბანზე, „ოცნებას“ ჰქონდა მოწყობილი მიკროავტობუსში მიკრო შტაბი. ადამიანებს პირდაპირ და ღიად ურიგებდა ფულს, ამის უამრავი კადრი და მაგალითი არსებობს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, პირადობის მოწმობებით მანიპულირება. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე საკმარისზე მეტი მტკიცებულებები გვაქვს, რომ მივმართოთ პროკურატურას“,- განაცხადა გახარიამ.