გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) აკრძალვა ისრაელში მძიმე შედეგებს გამოიწვევს, თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერუშმა.
გუტერეშის თანახმად, ეს გამანადგურებელ შედეგს მოიტანს პალესტინელთა ისრაელის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სააგენტოს შემცვლელი არ ჰყავს, თქვა მან.
UNRWA-ს ხელმძღვანელმა ფილიპე ლაზარინიმ გააკრიტიკა ისრაელის პარლამენტის გადაწყვეტილება, როგორც სააგენტოს სისტემატური დისკრედიტაცია.
UNRWA-ს აკრძალვის შესახებ კანონს ისრაელის ქნესეთში მხარი დაუჭირა დიდმა უმრავლესობამ, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც.
კანონი კრძალავს ორგანიზაციის საქმიანობას ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. თუ კანონი გატარდა, ორგანიზაციას მოუწევს თავისი საქმიანობის შეწყვეტა ასევე პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელთა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს ისრაელი აკონტროლებს.
აკრძალვის ფონია ბრალდება, რომ UNRWA-ს ზოგიერთი თანამშრომელი დაკავშირებული იყო ისრაელზე ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული ორგანიზაცია) თავდასხმასთან შარშან 7 ოქტომბერს.
კანონის ამოქმედების შემდეგ, ისრაელის ყველა უწყებას ეკრძალება UNRWA-სთან თანამშრომლობა.
პარლამენტში კენჭისყრის დროს ხმაური იყო. ქნესეთის არაბმა წევრმა გადაწყვეტილებას უწოდა “ფაშისტური კანონი,” რომლის მიზანი პალესტინელი ხალხის მუდმივი ჩაგვრაა. კანონის ინიციატორებმა მას ხმამაღალი ყვირილით უპასუხეს, ერთ-ერთი დეპუტატი რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ დარბაზიდან გააძევეს.
თავად UNRWA თვლის, რომ ეს არის ვითარების უპრეცედენტო გამწვავება და სკანდალური გადაწყვეტილება. კანონის ამოქმედებას მოჰყვება ადგილზე ჰუმანიტარული დახმარების ფაქტობრივი შეწყვეტა, რაც კიდევ უფრო გაზრდის პალესტინელთა ტანჯვას, განსაკუთრებით შარშან ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ ისრაელმა წამოიწყო საომარი მოქმედება, რამაც ღაზის სექტორში გამოიწვია ინფრასტრუქტურის სრული განადგურება და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი.
UNRWA გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1949 წელს დააარსა, 1948 წლის კონფლიქტის შედეგად ლტოლვილი ადამიანების დასახმარებლად. როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის დამხმარე ორგანო, UNRWA-ის მანდატი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება პერიოდულ განახლებას. ამჯერად ის განახლებულია 2026 წლის 30 ივნისამდე.