ღაზისა და ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ 28 ოქტომბერს, გვიან, ისრაელის თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.
ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, სულ მცირე, 77 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის თავდასხმას ხუთსართულიან შენობაზე ჩრდილოეთის ქალაქ ბეიტ-ლაჰიაში. შენობაში პალესტინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ. დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია. გრძელდება ცხედრების ძებნა ნანგრევების ქვეშ.
ლიბანის ჯანდაცვის უწყების თანახმად, 60 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა ისრაელის მიერ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ბეკაას ველის დაბომბვის შედეგად.
ისრაელი ახორციელებს საომარ ოპერაციებს ღაზის სექტორსა და ლიბანში, როგორც თვითონ აცხადებს, ჰამასის და ჰეზბოლას დაჯგუფებების წინააღმდეგ. ორივე აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული. ევროკავშირი ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, მაგრამ ჰეზბოლას, რომლის პოლიტიკური ფრთის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრებს შორის არიან, მხოლოდ სამხედრო ნაწილი ჰყავს „შავ სიაში“ შეყვანილი.
ღაზის სექტორში ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო ჰამასის თავდასხმის საპასუხოდ 2023 წლის 7 ოქტომბერს. ამ თავდასხმას 1200-მდე ადამიანი ემსხვერპლა, 250 პირი მძევლად აიყვანეს. ისრაელი აცხადებს, რომ მისი მიზანი ჰამასის სრული განადგურებაა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის დაბომბვას მთელი წლის განმავლობაში 43 000-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, ძირითადად – ქალები და ბავშვები.
ისრაელი ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით, 2024 წლის სექტემბრიდან ახორციელებს დარტყმებს ლიბანზე. ლიბანის მხრიდან რეგულარულად უშვებენ რაკეტებს ისრაელის მიმართულებით. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვითარების გამწვავების შემდეგ ისრაელის თავდასხმებს 2710 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის – ასობით ქალი და ბავშვი.