ფილადელფიის პროკურატურამ ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

პენსილვანიის შტატის უმსხვილესი ქალაქის სამართალდამცავმა ორგანომ, ფილადელფიის ოლქის პროკურატურამ, მილიარდერ ილონ მასკისა და მისი ხელმძღვანელობით მოქმედი “ამერიკან პაკ”-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ NBC წერს.

სასამართლოში შეტანილი დოკუმენტების თანახმად, მასკის ორგანიზაციის ინიციატივა, რომელიც ე.წ. მერყევ შტატებში ყოველდღიურად მილიონი დოლარის გათამაშებას ითვალისწინებს, “უკანონო სქემას” წარმოადგენს.

პროკურატურის განცხადებით, საქმე მოითხოვს გადაუდებელ ყურადღებას და სასამართლომ მსგავსი ლატარიის გამართვა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე უნდა აკრძალოს.

“საქმე არ ეხება იმის გარკვევას, დაარღვიეს თუ არა მოპასუხეებმა ამომრჩეველთა მოსყიდვის ამკრძალავი შტატის თუ ფედერალური კანონები. პირიქით, საქმე მარტივია – “ამერიკან პაკი” და მასკი აშკარად არღვევენ საკანონმდებლო აკრძალვებს”, – ნათქვამია სარჩელში.

მასკის ინიციატივა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო. გეგმის თანახმად, ყოველდღიურად ერთი მილიონი დოლარი უნდა გადაეცეს შემთხვევით შერჩეულ ამომრჩევლებს შვიდი მერყევი შტატიდან: პენსილვანია, ჯორჯია, ნევადა, არიზონა, უისკონსინი, მიჩიგანი და ჩრდილოეთ კაროლინა. სწორედ ამ შტატებშია მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მძაფრი კონკურენცია.

ლატარიაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეებს მოეთხოვებათ ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება და პეტიციის ხელმოწერა, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის კონსტიტუციის პირველ და მეორე შესწორებას – სიტყვის თავისუფლებასა და იარაღის ტარების უფლებას.

სამართალდამცავები ამტკიცებენ, რომ “ამერიკან პაკი” იყენებს “მაცდურ, ბუნდოვან და შეცდომაში შემყვან” განცხადებებს. მათი თქმით, მასკის ლატარიის წესების სრული კრებული არ არსებობს, ხოლო განცხადებები გამარჯვებულების შემთხვევითი შერჩევის შესახებ “არასარწმუნოა, ვინაიდან ყველა მათგანი დონალდ ტრამპის მხარდამჭერ მიტინგებს ესწრებოდა”.

განსაკუთრებით საყურადღებოა პენსილვანიის შემთხვევა, სადაც მთავარი პრიზის გარდა, მასკი გეგმავს თითოეულ რეგისტრირებულ ამომრჩეველს, რომელიც პეტიციას მოაწერს ხელს, 100 დოლარი გადაუხადოს. დამატებით, შვიდივე მერყევ შტატში ხელმომწერებს 47 დოლარს ჰპირდებიან, თუ ისინი კიდევ ერთ ამომრჩეველს დაარწმუნებენ პეტიციის ხელმოწერაში.

პენსილვანიის გუბერნატორმა, დემოკრატმა ჯოშუა შაპირომ საჯაროდ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ.

“მე აღარ ვარ პენსილვანიის გენერალური პროკურორი, მე გუბერნატორი ვარ, მაგრამ ეს ლატარია სერიოზულ კითხვებს ბადებს”, – განაცხადა ჯოშუა შაპირომ.

ფედერალური კანონმდებლობა პირდაპირ კრძალავს ფულის გადახდას რეგისტრაციის ან ხმის მიცემისთვის.