აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვაშინგტონისა და ორეგონში ორ საარჩევნო ყუთს ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც ასობით ბიულეტენი განადგურდა. ამის შესახებ CNN წერს.
გამოძიების ვერსიით, ორივე შემთხვევაში, დამნაშავე ერთი და იგივე პიროვნებაა.
„საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, პორტლენდში არსებულ საარჩევნო ყუთში ჩაყრილი ბიულეტენების დიდი ნაწილი არ დაზიანებულა, თუმცა ასობით ბიულეტენი განადგურდა ვაშინგტონში, მეორე საარჩევნო ყუთში“, – წერს გამოცემა.
არსებული ცნობით, ეს შემთხვევები სავარაუდოდ, ამ თვის დასაწყისში ვანკუვერში მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაა. როგორც გაზეთი New York Times წერს, ისევე როგორც ოქტომბრის დასაწყისში, ახლაც, ორივე საარჩევნო ყუთზე წარწერა Free Gaza დახვდათ.
სამართალდამცველები ახლა ცდილობენ გაარკვიონ, ეჭვმიტანილი პროპალესტინელი აქტივისტია თუ არეულობის გამოწვევა სურდა.
ცნობისთვის, სექტემბერში აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ „სოციალური ქსელის ზოგიერთი მომხმარებელი საარჩევნო ყუთების საბოტაჟის სხვადასხვა გეგმას განიხილავდა“.