გერმანიის ელჩი ირანში მარკუს პოტცელი ბერლინში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ეს ირანში გერმანიის მოქალაქის, ჯამშიდ შარმაჰდის სიკვდილით დასჯის შემდეგ მოხდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევის ვადა უცნობია. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, თეირანი „საპასუხო ზომებს უნდა ელოდოს და ამის შესახებ ინფორმირებულია“.
„სრულიად ნათელია, რომ ევროკავშირსა და ირანს შორის ურთიერთობებში სერიოზული შედეგების პერიოდი დგება“. – განაცხადეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ევროკავშირი ირანის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჯამშიდ შარმაჰდის სიკვდილით დასჯა დაგმო და თეირანს „სერიოზული შედეგებით“ დაემუქრა.
ეთნიკური ირანელი, გერმანიის მოქალაქე ჯამშიდ შარმაჰდი სიკვდილით დასაჯეს 27 ოქტომბერს. ის „საერთაშორისო კორუფციის ხელშეწყობის“ მუხლით იყო გასამართლებული, რისთვისაც ირანში სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული.