აშშ ახლო აღმოსავლეთში ფლოტს და ავიაციას აგზავნის

აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საესკადრო ნაღმოსნები გადაისროლა, რომლებსაც რაკეტების განადგურება შეუძლიათ. ასევე რეგიონში დამატებითი ავიაგამანადგურებლები, სტრატეგიული ბომბდამშენები, B-52 და მფრინავი ტანკერები გაიგზავნა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ბომბდამშენი B-52

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის ინფორმაციით, ამ ძალებმა რეგიონში შეერთებული შტატების მოქალაქეები უნდა დაიცვან, ასევე ხელი შეუწყონ რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციას და დაეხმარონ ისრაელს. პარალელურად რეგიონს ამერიკული ავიამზიდი Abraham Lincoln და ამ ესკადრის ხომალდები დატოვებენ.

ახლო აღმოსავლეთში დამატებითი შენაერთების გაგზავნა ისრაელში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის, Terminal High Altitude Area Defense-ის ამოქმედების პარალელურად ხდება. ასევე ახლო აღმოსავლეთში მუდმივად განთავსდება სადესანტო დაჯგუფება, რომლის დისლოკაციის ადგილი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი გახდება.

ოსტინმა განაცხადა, რომ თუ ირანი და მისი მოკავშირეები დააპირებენ აშშ-ის ძალებზე იერიშის მიტანას, „ვაშინგტონი საკუთარი ხალხის დასაცავად ყველა აუცილებელ ზომას მიიღებს“.