ამერიკელი კომპოზიტორი და პროდიუსერი ქუინსი ჯონსი 91 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას The Guardian-ი მუსიკოსის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იმის მიუხედავად, რომ ეს წარმოუდგენელი დანაკარგია ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენ ვზეიმობთ დიდებულ ცხოვრებას, რომელიც მას ჰქონდა და ვიცით, რომ მეორე ასეთი ადამიანი არასოდეს იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ჯონსი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ჯონსი თანამშრომლობდა ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ ელა ფიცჯერალდი, პეგი ლი, ფრენკ სინატრა. 1970-იან წლებში კი მან მაიკლ ჯექსონთან დაიწყო მუშაობა და იყო მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერი – Off the Wall, Thriller და Bad.
ჯონსი 80-ჯერ იყო წარდგენილი „გრემიზე“ და ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს მფლობელი 28-ჯერ გახდა.