ფინეთში ნატოს უდიდესი საარტილერიო წვრთნები იწყება

ფინეთში დღეს ნატოს ქვეყნების ყველაზე დიდი საარტილერიო წვრთნები „Lightning Strike 24“ იწყება.

წვრთნები

„Lightning Strike-24“ წვრთნების იმ სერიის ნაწილია, რომელიც ევროპის ხუთ ქვეყანაში – ფინეთში, ესტონეთში, გერმანიაში, რუმინეთსა და პოლონეთში ტარდება.

საარტილერიო სწავლება ფინეთში, კერძოდ ლაპლანდიაში და კიდევ ორ რეგიონში გაიმართება.

მასში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 3600 სამხედრო მოსამსახურე, საიდანაც დაახლოებით 1250 საერთაშორისო ძალების ჯარისკაცია.

წვრთნების მიზანია ჩრდილოეთ ევროპის რეგიონში ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების დემონსტრირება, ასევე ოპერატიული მართვის, კონტროლისა და ნატოს სწრაფი რეაგირების გაერთიანებულ კორპუსთან თანამშრომლობის პრაქტიკა.

„სწავლების მასშტაბები გვიჩვენებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ მხარდაჭერა ალიანსის წევრებისგან ძალიან სწრაფად, ასევე ალიანსის შეიარაღებული ძალების სარდლობისგან. ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ ჩვენი საველე არტილერია ძალებთან ერთად და ალიანსის საშუალებების გამოყენებით აყალიბებს ძლიერ თავდაცვას ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში და ნატოში“, – აცხადებს წვრთნების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკ იან მაკიტალო.