ივანიშვილი, რუსული რუბლის მილიარდერია თუ ამერიკული დოლარის?!

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი დამახასიათებელი, მმართველი პარტია „ოცნების“, რუსულ პარტიად მოხსენიება იყო, თუმცა ამაში ამომრჩეველს ახალი არაფერი დაუნახავს, ვინაიდან დღიდან პარტიის დაფუძნებისა, ოპოზიციამ, უმალ რუსული დაარქვა. საბაბიც ჰქონდა, მტკიცე და შეუვალი, ვინაიდან პარტია ივანიშვილმა დააფუძნა, მილიარდერმა, რომელმაც მილიარდები რუსეთში ცხოვრების დროს იშოვნა.

მილიარდერის მიერ პარტიის დაფუძნება თანემედროვე სამყაროში არ უნდა იწვევდეს გაღიზიანებას და დაფუძნებისთანავე საზოგადოებას არ უნდა განაწყობდეს მტრულად მის მიმართ, მაგრამ ივანიშვილი აღიქმებოდა, და დღესაც ასეა, რუს ოლიგარქად, რუსეთი კი საქართველოს “მტერია, ოკუპანტია”.

მხედველობაშია მისაღები, ერთის შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო ნიუანსი, თუმცა ჩემის აზრით, არცთუ უმნიშვნელო  — ივანიშვილის მიერ დაფუძნებული პარტიისთვის „რუსი ოლიგარქის“ სახელის დამრქმევით გინება.

პარტიის სახელის ნათლია სააკაშვილი და ნაცმოძრაობა იყო, „ოცნების“ მიერ 2012 წლის არჩევნებში დამარცხებული.

ივანიშვილს რომ მილიარდები აშშ-ში ეშოვნა, მაშინ პარტიის მიმართ აგრესია არ იქნებოდა?

ქართველთა გარკვეული ნაწილის აზრით, მაშინ პარტია საყვარელი, გულში ჩასახუტებელი იქნებოდა, ვინაიდან ამერიკული ფულით დაფუძნებული პარტია მშვიდობა და კეთილდღეობაა, ხოლო რუსული ფულით — ომი, უბედურება და ჭაობი.

ივანიშვილი, რუსული რუბლის მილიარდერია თუ ამერიკული დოლარის?!

ობიექტურობის დაცვის შემთხვევაში, რუსი ოლიგარქის მიერ დაფუძნებული პარტიის მიმართ მტრული დამოკიდებულება ხომ რუსეთის აგრესია-ოკუპაციის შედეგია? მაგრამ ვინ ჰკრა ხელი რუსს აგრესია-ოკუპაციისკენ, აშშ-ის მონა სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ ხომ არა?!

ასე რომ, ბარი-ბარში ვართ პარტიის მიმართ მტრული დამოუკიდებლობის თვალსაზრისით.

მეორე, არცთუ უმნიშვნელო ნიუანსი — ივანიშვილმა მილიარდები იმ რუსეთში იშოვნა, რომლის ჭაჭანებაც არსად არის. პრეზიდენტ ელცინის ამაზრზენი პერიოდი, განუკითხაობა, ქურდული გარჩევები, შეიარაღებული ბანდების თარეში, სახელმწიფო ქონების დატაცება. მოკლედ და კონკრეტულად ენით აუწერელი 90-იანი წლების საშინელება ისტორიას ჩაბარდა, როგორც შავი ფურცელი.

აი, სწორედ იმ განუკითხაობის დროს იშოვა ივანიშვილმა მილიარდები, რა გზით, ბევრი ჩვენგანისთვის უცნობით. კომპუტერული ტექნიკის ყიდვა-გაყიდვით ფულის შოვნა შესაძლებელი იყო, როგორც თვითონ ამბობს, მაგრამ მილიარდების?!

ივანიშვილის რუსეთში ბიზნესმენობას კარგა ხანია წერტილი დაესვა, ისე, როგორც ოლიგარქობას. რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა დაუსვა წერტილი ოლიგარქობას რუსეთში. არც ერთი რუსი მილიონერი, მილიარდერი და ასეთები მრავლად არიან რუსეთში, ხელისუფლებასთან არავითარ კავშირში არ არიან, არ ერევიან სახელმწიფო ხელისუფლების მუშაობაში. არ აქვთ კონტაქტი პრეზიდენტთან.

ძნელად დასაჯერებელია რუსეთში მცხოვრები ქართველი შეძლებულების ტყუილი განცხადებები, რომ ხელისუფლებასთან, პრეზიდენტთან არიან ჩახუტებულები. რეკლამა, გაკეთებული მათ მიერ, საქართველოს მოსახლეობისთვის არის გამიზნული.

ოპოზიცია, „ოცნების“ მიმართ მტრულად განწყობილი, სისტემატურად ლაპარაკობს ივანიშვილის მჭიდრო ურთიერთობაზე პუტინთან. ივანიშვილი ინატრებდა, რომ ეს ჭორი სინამდვილე ყოფილიყო, მაგრამ ნატვრა, სინამდვილე არ არის. არც ის არის სინამდვილე, რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს დავალებას და მითუმეტს ის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში „ოცნება“ და ივანიშვილი კრემლის მეთოდით მოქმედებდნენ.

ოპოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში დასავლელი „ბუნტმახერი“ შარპის მეთოდით მოქმედებს, წამითაც არ უშვებს ვინმეს მუშაობას სპეცმეთოდის გარეშე.

ივანიშვილის მიერ კრემლის დავალებების შესრულება რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ დავალებულმა რაღაცით მაინც „გაახაროს“ დამვალებელი და ნახევარი ხმით მაინც თქვას, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე ფიქრობს.

მსგავსი რამ არ მსმენია. რაც ყველამ მოისმინა, 2012 წლის არჩევნების წინ იყო — განცხადება, რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების“, თუმცა ეს დაპირება, დაპირებად დარჩა — სხვა მრავალ დაპირებასთან ერთად.

იბადება კითხვა — ნიშნავს თუ არა ივანიშვილის „დალაგება“ — რუსეთთან ურთიერთობების დაწყება-განვითარებას? პოლიტიკური მაქვს მხედველობაში და არა პრიმიტიული, სავაჭრო-ეკონომიკური, რომელიც წვრილი ბიზნესის დონეზე ხორციელდება და არა მთავრობათა შორის მოლაპარაკებით.

12 წელია „ოცნება“ მართავს ქვეყანას და რა ისეთი დაულაგებელი გახდა რუსეთთან ურთიერთობები, რომ ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა?

ქართული ანდაზა გვკარნახობს — „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო“. როგორც ჩანს, არც ივანიშვილს და არც პარტია „ოცნების“ გული არ გულობს რუსული ქადის შესაჭმელად.

მავანი იტყვის — ივანიშვილი ანგარიშს უწევდა საზოგადოების ნაწილს, ანტირუსულად განწყობილს და არ სურდა მისი გაღიზიანება, რუსეთთან კავშირების აღდგენითო.

ივანიშვილი არც ისეთი მშიშარაა ან ვინმეს ნეგატიური მოსაზრების მიმართ ანგარიშგამწევი, რომ რუსეთთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობები მე-3, მე-4 პლანზე გადაეწია.

მაშ, რამ გამოიწვია დაპირების შეუსრულებლობა?

იმან, პატივცემულებო, რომ „დალაგებაში“ ივანიშვილი იმას გულისხმობდა, რაც დღეს გვაქვს, ანუ მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას და საქართველოს მხრიდან რუსეთის თავშეკავებულ კრიტიკას — არა ისეთს, რასაც ადგილი ჰქონდა წინამორბედ სააკაშვილის მმართველობის დროს. არავითარი პოლიტიკური კავშირ-ურთიერთობები, მხოლოდ ვაჭრობა და სატრანსპორტო კომუნიკაცია.

ივანიშვილმა, თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისში საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოს გზა დასავლეთისკენ მიდის — ევროკავშირ-ნატოსკენ. ეს არ იყო თვალთმაქცური განცხადება — ქართველი ხალხის დასამშვიდებლად გაკეთებული. ეს, იყო ის, რასაც ის ფიქრობდა და დღესაც ფიქრობს. მას სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრება, ვინაიდან თვლის, რომ ევროკავშირი ის კავშირია, რომლის მსგავსი კაცობრიობას არ შეუქმნია. მას მოსწონს ევროკავშირი. მას მოსწონს ევროპა. რომ არ მოსწონებოდა, არც საფრანგეთის მოქალაქე გახდებოდა და ვერც საფრანგეთის უმაღლეს ორდენს მიიღებდა. მაინც რა დამსახურებისთვის მისცეს მას საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საზოგადოებისთვის უცნობია.

ოპოზიცია სისტემატურად გაჰყვირის, რომ ივანიშვილს არ სურს საქართველოს ევროკავშირში შესვლა, ვინაიდან რუსეთს უწევს ანგარიშსო.

ევროკავშირში შესვლა არც „ოცნებაზე“ და არც ივანიშვილზეა დამოკიდებული. ევროკავშირში გაწევრება მთელ რიგ საკითხებთან არის დაკავშირებული და იმ დავალებების შესრულებასთან, ევროკავშირმა რომ მოგვცა.

საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გამეტება დიდი არაფრის მომცემია. მსგავს სტატუსს არაერთი ქვეყანა ატარებს, მათ შორის თურქეთი — ათეული წელია. (თურქეთმა ევროკავშირის წევრობაზე განცხადება შეიტანა 1987 წლის 14 აპრილს, კანდიდატია — 1999 წლის 12 დეკემბრიდან.)

ბრიუსელი მთლად გადაქანებული უნდა იყოს თურქეთის ევროკავშირში შეშვებისთვის. 90-მილიონიანი მუსლიმანური სახელმწიფო, ევროკავშირს რომ თავის ჭკუაზე მოაქცევს, ეჭვი არვის უნდა ეპარებოდეს.

ნუთუ, ასე ძლიერია ტერიტორიის 3% ფაქტორი დანარჩენთან შედარებით, რომ თურქეთი გაწევრდეს ევროკავშირში?

თურქეთის ტერიტორიის მხოლოდ 3%-ია ევროპაში, დანარჩენი აზიაშია. გარდა ამისა, თურქეთის მოსახლეობის თითქმის ნახევარი პატარა, ტრადიციულ ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობს და შორს არის ევროპული მენტალიტეტისგან.

მაშ, რატომ დაპირდნენ თურქეთს ევროკავშირში გაწევრებას?

მარტივი მიზეზის გამო — არსაითკენ არ გაეხედა და შეესრულებინა ბრიუსელის დავალებები, რომლებსაც თურქეთი მუყაითად ასრულებს. და შესრულებისთანავე, ახალ დავალებებს იღებს.

თურქეთის პრეზიდენტს, ერდოღანს მობეზრდა ევროკავშირული მრავალწლიანი აუსრულებელი დაპირებების მოსმენა და რადიკალური ნაბიჯი გადადგა — შეიტანა რა წერილობითი განცხადება „ბრიკს“-ში გასაწევრებლად.

საქართველომ გულმოდგინედ უნდა განიხილოს თურქეთთან დაკავშირებული ისტორია და ცივი გონებით შეხედოს ბრიუსელის მოწოდებას — მთელი რიგი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით და გამოიცნოს, მიიღებენ თუ არა მას ამ კავშირში — ყველა დავალების შესრულების შემდეგ.

ჩემის აზრით, დავალება, რომელიც საქართველოს მისცეს, ევროკავშირის გაგებით, წაადგება ქვეყანას, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა მას ევროკავშირში. ყველა დავალების შესრულების შემდეგ, დღის წესრიგში დადგება უმთავრესი პრობლემა — მეზობელ ქვეყნებთან სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია. საქართველოს, გარდა თურქეთისა, სხვა მეზობლებთან ეს საკითხი მოგვარებული არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემებიანი ქვეყანა ვართ და ამ პრობლემებით იქ არ მიგვიყებენ. და არ მიგვიღებენ იმიტომ, რომ ბრიუსელს არ სურს საკუთარ თავზე გადაიტანოს ჩვენი პრობლემები.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატს, მეზობლებთან არავითარი დაძაბულობა, დაპირისპირება არ უნდა ჰქონდეს. საქართველოს დაძაბული ურთიერთობები აქვს რუსეთთან, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან; სასაზღვრო პრობლემები აზერბაიჯანთან. ჩვენ ვაცხადებთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა. კეთილი, მაგრამ რეალობა რომ სხვა არის?

დავუშვათ, ბრიუსელთან შეთანხმებით, ყოფილი ავტონომიების გარეშე, შეგვიყვანეს ევროკავშირში, დაისმება თუ არა საზღვრების საკითხი? და თუ დაისმება, როგორღა მოხერხდება დელიმიტაცია-დემარკაცია?

დელიმიტაცია-დემარკაცია ნიშნავს მათი დამოუკიდებლობის აღიარებას. გარდა ამისა, არც აფხაზეთი და არც სამხრეთ ოსეთი, რუსეთის გარეშე, მოლაპარაკებაში არ ჩაერთვებიან. ასე რომ, ურუსეთოდ ეს საკითხი ვერ გადაწყდება.

საქართველოს პოლიტიკოსები ამ ურთულეს პრობლემას არ თვლიან გაწევრების ბარიერად. მათ მიაჩნიათ, რომ ბრიუსელი თვალს დახუჭავს და კარს გაგვიღებს.

ბრიუსელმა თვალი უკვე დახუჭა და ასოცირებული წევრობა მოგვანიჭა. თუ დავალებებს შევასრულებთ, კანდიდატობასაც მოგვცემს და მსუყე წერტილს დაუსვამს გაწევრებას.

ბრიუსელმა უკვე გააკეთა და აკეთებს თავის საქმეს — რუსეთისგან დაშორებას. ბრიუსელი აცხადებს, რომ ვისაც ევროკავშირის წევრობა უნდა, სხვასთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. წევრი ქვეყანა ბრიუსელისა და მხოლოდ ბრიუსელის უნდა იყოს. არ უნდა იყურებოდეს სხვისკენ, ჩვენს შემთხვევაში — რუსეთისკენ.

მოკლედ და კონკრეტულად, ეგოისტმა ბრიუსელმა საქართველო და მისი მსგავსი ქვეყნები საკუთარ კართან დააბა, როგორც შინაური პირუტყვი. ხვდება ამას ქართული პოლიტიკა? არსებული ვითარებიდან და იმ ხმამაღალი განცხადებებიდან გამომდინარე, ჩვენ რომ ვისმენთ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვერ ხვდება.

ევროპელთა მენტალიტეტის გაგებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, როდესაც ევროპაში მოგვიხდება ცხოვრება მრავალი წლით და არა ერთი-ორით. ევროპელი, ჩვენგან დიამეტრალურად განსხვავებული მენტალიტეტის მატარებელია. ევროკავშირი, ერთი მენტალიტეტის არ არის და ვერც იქნება, ვინაიდან სხვადასხვა ერის წარმომადგენელია. დიდი განსხვავებაა ევროპის სამხრეთში მცხოვრებ ხალხთა და ჩრდილოეთში მცხოვრებთა შორის, მაგრამ არის ერთი საერთო, რომლის გაგებას, ჩაწვდომას წლები დასჭირდება.

ასე რომ, როდესაც ევროკავშირელი, თქვენი გაგებით რაღაცას გპირდებათ, სინამდვილეში კი არ გპირდებათ, არამედ გეუბნებათ, რომ საკითხს გაეცნობა, იფიქრებს და ა.შ. გარდა ამისა, არსებობს ენის ფაქტორიც, ანუ ენის იმ დონეზე არ ცოდნა, რაც არ მოგცემთ შანსს იმისა, ჩაწვდეთ მის ნათქვამს. აი, სწორედ ამ ვითომ ნაკლებად მნიშვნელოვანმა ნიუანსმა დაძაბა ურთიერთობა კიევსა და ვაშინგტონს, ბრიუსელს შორის.

ცნობილი ფაქტია, რომ ვაშინგტონ-ბრიუსელში ზელენსკი და ადმინისტრაციის უფროსი ერმაკი, თარჯიმნის გარეშე აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, რომელმაც მათ ის შედეგი არ მისცათ, რასაც ელოდნენ. ზელენსკიმ შეჰყარა ჟურნალისტები და გააკრიტიკა ვაშინგტონისა და ბრიუსელის პოლიტიკა — დაპირების შეუსრულებლობის გამო. პასუხად, გერმანელმა ბეჭდვითმა მედიამ განაცხადა — ბრალი თქვენია, ვინაიდან ინგლისური არ იცით და ვერ იგებთ რას გეუბნებათ დასავლელი პარტნიორებიო.

31 ოქტომბერს მოვისმინე სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მუქარის შემცვლელი განცხადება „ოცნების“ მიერ მოპარულ არჩევნებთან დაკავშირებით.  სამივემ მტკიცედ განაცხადეს, რომ დაიცავენ ქართველი ამომრჩევლის ხმებს, არ გადაუხვევენ ევროპულ გზას, საქართველოს არ გასწირავენ რუსეთის ფედერაციის წევრობისთვის და ნაცვლად რუსეთის მზაკვრული გეგმისა, შეიყვანენ ევროკავშირში.

ოპოზიციას, არც ხელისუფლება ჩამორჩა და მანაც, ივანიშვილის პირით განაცხადა, რომ „ოცნების“ მიზანია ევროკავშირში ღირსებით შესვლა. ივანიშვილს, თავის ხანგრძლივ ინტერვიუში „იმედის“ ჟურნალისტთან არ დასცდენია რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების „დალაგებაზე“ ან დსთ, „შოსში“, „ბრიკსში“ შესვლაზე, ან 3×3 ფორმატში მონაწილეობის მიღებაზე.

და რომ არ დასცდენია, სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ის არ აპირებს რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგებას. მისთვის მიზანი ევროკავშირში შესვლაა, მაგრამ იმავდროულად რუსეთთან ისეთი ურთიერთობების შენარჩუნება, როგორიც დღეს გვაქვს.

იკითხავთ — აწყობს რუსეთს ივანიშვილისა და „ოცნების“ სამომავლო მიზნები? როგორც ჩანს, აწყობს. კავკასიაში აგიზგიზებულ ცეცხლს ურჩევნია ის, რაც არის, თან პერსპექტივაზე ფიქრით. პერსპექტივა კი მის სასარგებლოდ მეტყველებს.

ზემომოყვანილი მაგალითებიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკლები ან არავითარი შანსი არ გააჩნია ნატო-ევროკავშირში გაწევრების. იკითხავთ — ივანიშვილმა, „ოცნებამ“ არ იციან ამის თაობაზე?

როგორც ჩანს, არ იციან, მაგრამ თუ იციან, იმასაც ფიქრობენ, რომ ტრამპი გაიმარჯვებს და ვითარება შეიცვლება.

ქართველმა პოლიტიკოსებმა არ იციან ევროკავშირში არსებული ვითარება, ბრიუსელის მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე პრიორიტეტული პოზიციის მოპოვება. არ იციან, რომ ბრიუსელს არ უყვარს ურჩი წევრი სხელმწიფოები და მათ მიმართ სანქციებსაც იყენებს.

ევროკავშირი სწორედ ის არის, ეროვნულობას რომ თრგუნავს. ეს ორგანიზაცია გლობალიზმის მიმდევარია და არა ეროვნული ფილოსოფიის. ამდენად რაც არ უნდა ვიძახოთ — ევროკავშირს ჩვენ, ჩვენი კულტურით, ცხოვრების წესით და ა.შ. გავამდიდრებთ, მისთვის გაუგებარია.

ქართველ პოლიტიკოსს ჰგონია, რომ ქართული სუფრით, ღვინით, „ჩაქაფულით“, „საცივით“ და ა.შ. ევროპელს გავაკვირვებთ. გულუბრყვილობაა! გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული სისტემატური კონტაქტები მქონდა, როგორც ამერიკელებთან, ისე ევროპელებთან. აღტაცებაც გამოუთქვამთ ქართული სტუმართმოყვარეობით მოხიბლულებს, თუმცა აღტაცება ხანმოკლე ყოფილა და მას არავითარი გავლენა არ მოუხდენია საქართველოზე.

ჩემი პირადი დაკვირვებით, საქართველოს არაფერი ესაქმება ევროკავშირში. მას შეიძლება ურთიერთობა ჰქონდეს ამ კავშირთან, მაგრამ არა წევრობა. მენტალურად საქართველო არ არის მზად ევროკავშირში ცხოვრებისთვის. და თუ ის მენტალურად მზად იქნება, ის საქართველო, საქართველო აღარ იქნება.

ასე რომ, ივანიშვილ—„ოცნების“ მიზანი ევროატლანტიკური სივრცეა და არა რუსული. ივანიშვილის განცხადებები — ნაცთა დასჯასთან დაკავშირებით, წინასაარჩევნო ფანდი იყო, რომელმაც მას იმ ამომრჩევლის ხმები შემატა, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის „დალაგება“ სურს.

ამ ფანდით ივანიშვილმა გარიყა „პატრიოტთა ალიანსი“ და მასში შემავალი „კონსერვატორები“, რომლებიც სწორედ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე აკეთებდნენ აქცენტს.

მოკლედ და კონკრეტულად, ივანიშვილმა „კონსერვატორთა“ ხმები გადაიბირა თავის მოჩვენებით, რომ მას და მხოლოდ მას ძალუძს, შეუძლია პოლიტიკური ვექტორის შეცვლა დასავლეთიდან, ჩრდილოეთისკენ.

შეუძლია, მაგრამ 12 წლის განმავლობაში რომ არაფერი გაუკეთებია „დასალაგებლად“, ახლა „დაალაგებს“?! ეჭვი მეპარება. ისიც და მისი პარტიაც ისეთია, როგორიც დანარჩენი ოპოზიცია — ევროპაზე გაგიჟებულ-გადარეული.

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი