“ჩემი აზრით, ტრამპი ისრაელის მხადაჭერას ჯერ-ჯერობით გააგრძელებს და შესაძლოა მისი მხადაჭერა უფრო გაძლიერდეს. ალბათ, ის შემოიღებს ე.წ. შერჩევით საგარეო პოლიტიკას და შეეცდება შიდა პოლიტიკური პროცესების პირობების შექმნას, რათა გააუმჯობესოს ეკონომიკური მაჩვენებლები, მოახდინოს სოციალური პრობლემების მოგვარება და გადაწყვიტოს არალეგალური მიგრანტების საკითხი, რაც ასე მწვავედ დგას ამერიკის წინაშე. ვფიქრობ, ის სამ მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული: ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა, ახლო აღმოსავლეთის პრობლემა და, რა თქმა უნდა, უკრაინის ომის თემა.
ვერ გეტყვით ზუსტად, რას გააკეთებს, ვინაიდან ის ზოგადად ლაპარაკობდა და კონკრეტული გეგმა არ წარუდგენია. სავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს და დროებითი ზავის თემას განსაზღვრავენ. ალბათ, ტრამპს ეს აქვს გადაწყვეტილი. მას წინასაარაჩევნოდ ძირითადად ქვეყნის შიდა საკითხებზე ჰქონდა ყურადღება გამახვილებული. ამიტომ რთულია განვსაზღვროთ, ზუსტად რას აპირებს პოლიტიკის საგარეო მიმართულებით”, – აცხადებს “რეზონანსის” კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“საქართველოსთან მიმართებაში მე არავითარი მოლოდინები არ მაქვს, რადგან “რესპუბლიკელებმა” მთლიანად დაიკავეს, როგორც ქვედა, ისე ზედა პალატა. ფაქტობრივად, იქ მონოპოლიაა და რაც მთავარია, ერთ-ერთი “რესპუბლიკელი” კონგრესმენი, რომელსაც ტრამპთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და გამორიცხული არაა რაიმე თანამდებობაც დაიკავოს, მას რომ მოუსმინოთ, “ქართული ოცნების” მმართველობით აღფრთოვანებული არაა. ასე რომ, ჩემი აზრით, ის პოლიტიკა, რაც დღეს ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში აქვს, უცვლელი დარჩება”, – დაასკვნის მაისაია.
“ტრამპმა თავის წინასაარჩევნო გამოსვლებში არაერთხელ თქვა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მყისიერად დასრულდება უკრაინაში ომი და სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. ვნახეთ, რომ ზელენსკისთან მას კონსულტაციები ჰქონდა და თუ მანამდე უკრაინის პრეზიდენტსა და ტრამპს შორის გარკვეული პირადი გაუგებრობები იყო, ბოლოს უკვე დასტაბილურდა. შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება ეს სამშვიდობო ხელშეკრულება, ყველაფერი მომლაპარაკებელთა პროფესიონალიზმზე და მოქნილობაზე იქნება დამოკიდებული. რაც შეეხება მეორე არანაკლებ ცხელ წერტილს პლანეტაზე, ახლო აღმოსავლეთს, აქაც ტრამპის დაპირებებია, რომ ის დაასრულებს იმ ე.წ. ხანძარს, რათა არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის, ისრაელის კიდევ უფრო დაპირისპირება ირანთან. საერთაშორისო ურთიერობებში კიდევ ერთი ტრამპისეული მნიშვნელოვანი დეტალია ამერიკისა და ჩინეთის ურთიერთობები. საჯარო განცხადებებიდან აქაც ვიცით, რომ სატარიფო-სავაჭრო ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, რათა ამერიკის ინტერესები უწინარესად გათვალისწინებული იყოს სავაჭრო ხელშეკრულებებში. აქედან გამომდინარე, ტრამპის ადმინისტრაციას საკმაოდ კომპლექსური საგარეო პოლიტიკა ელის წინ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას სამართლიანად გაუხარდა ტრამპის გამარჯვება, რადგან ტრამპი ფასეულობებზე გალაშქრებას დაასრულებს და ე.წ. ვოუქიზმის პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს ლგბტ პროპაგანდის ნაძალადევად თავს მოხვევას. ოჯახური ღირებულებების და ტრადიციების პატივისცემა, რომ “რესპუბლიკელების” მთავარი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ამას “ქართული ოცნება” დაეთანხმება. რაც შეეხება ურთიერთობის გადატვირთვას, აქაც ბევრი რამეა პერსპექტივაში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის გადახედვა/გადატვირთვაში. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობა ვაშინგტონიდან ცალკეულმა პირებმა დააზიანეს, მათ შორის ჰელსინკის კომისიიდან. შესაბამისად, ის ზეწოლა, რაც საქართველოზე ე.წ. რუსული კანონის გაუქმებაზე, სავარაუდოდ, გაქრება, რამეთუ კონგრესის ორივე პალატაში “რესპუბლიკელებმა” მოიპოვეს უმრავლესობა”, – მიიჩნევს გია აბაშიძე.