“ჩვენ, რეგიონში შემოვათრიეთ ჩინეთი, რის გათვალისწინებითაც რთული იქნება ტრამპის ადმინისტრაციასთან ვითარების დალაგება” – გიორგი გობრონიძე

საქართველოს ხელისუფლებამ დაიჭირა ერთი მომენტი, რომ ამერიკისთვის დღეს კავკასიაზე გაცილებით პრიორიტეტულია ევროპა და ახლო აღმოსავლეთი, სადაც ამჟამად ორი აქტიური კრიზისია. გარდა ამისა, ხელისუფლებამ დაინახა ისიც, რომ რუსეთზე ტრანზიტის შემცირების გამო საქართველოში ტვირთბრუნვა გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა მისი გეოპოლიტიკური წონაც და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ვაჭრობა და სცადა ძალაუფლების მაქსიმალური კონსოლიდაცია.

აი, ეს მოხდა საქართველოში. დარწმუნებით იმაზე ლაპარაკი, რომ არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, რთულია, რადგან ოპოზიციის ძალიან ბევრ ხარვეზსაც ვხედავ საარჩევნო კამპანიაში. ოპოზიციამ იმის 30% გააკეთა რეალურად, რაც უნდა გაეკეთებინა. მეორე საკითხია, რომ ხელისუფლებამ საარჩევნოდ ძალიან ბინძური თამაშის წესები შემოგვთავაზა, დაწყებული სრულიად არაადეკვატური პოზიციით ე.წ. აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით, დასრულებული ხალხთან რეკვითა და გინებით, გარკვეული ლიდერების კი, 90-იანების ტერმინით რომ ვთქვათ, “დაპადიეზდებით”. ეს ნორმალურ და თავმოყვარე ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს.

თუ გაქვს არგუმენტები, დაჯექი და ეკამათე ოპოზიციას, მაგრამ რომელიმე ეთერში ეს ორი ჯგუფი ერთად არ მინახავს, ერთსაც თავისი საინფორმაციო საშუალებები აქვს და იქიდან ქადაგებენ ცალმხრივ რეჟიმში, მეორეს – თავისი და ვცხოვრობთ ორ პარალელურ რეალობაში. ხელისუფლების მესიჯ-ბოქსმა, რომელიც, ჩემი აზრით, პარანოიდული იყო, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოში განათლების სფეროში სერიოზული რეფორმის აუცილებლობა. გლობალურ ომის პარტიაზე ლაპარაკს და მსგავს რიტორიკას ნამდვილად არ უნდა ჰქონოდა ის მხარდაჭერა საზოგადოებაში, რაც თბილისის გარეთ ჰქონდა. არაფერი ქმედითი და რეალური ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ არ უთქვამს, მხოლოდ ამ გიჟური რიტორიკით მოიგო. ოპოზიციისგანაც ქმედითი და რეალური არაფერი მოგვისმენია. ისინი მხოლოდ იმას გაიძახოდნენ, ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს ევროპულ მომავალსო, და კატასტროფულ პიარნაბიჯებს დგამდნენ. საბოლოოდ ამ ყველაფრით ისარგებლა “ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც გაიფორმა გამარჯვება. მიუხედავად ოპოზიციის მცდელობებისა და აქციებისა, რაღა დაგიმალოთ და, პოლიტიკური კრიზისის ნიშნებსაც ვერ ვხედავ.

სამაგიეროდ, ვხედავ, ხელისუფლება როგორ ცდილობს დასავლეთს შესთავაზოს საკუთარი თავი, ის მზად არის ე.წ. აგენტების კანონიც კი გააუქმოს. ამ ვითარებაში ტრამპის ადმინისტრაციისთვის შეიძლება ეს ყოფილიყო კიდეც მისაღები, რადგან იქ საკითხებს უფრო რეალისტურად უყურებენ, მაგრამ კიდევ სხვა პრობლემაა – ტრამპის წინა ადმინისტრაცია ამ ხელისუფლებამ იმდენჯერ გადააგდო, მეეჭვება, ეს ადვილად დაივიწყონ. ანაკლიის პორტთან დაკავშირებით პრემიერი ბახტაძე იმჟამინდელ სახელმწიფო მდივანს და ამჯერად, სავარაუდოდ, თავდაცვის მომავალ მდივან მაიკ პომპეოს ტელეკამერების წინ დაჰპირდა, რომ ანაკლიის პორტში ჩაიდებოდა ამერიკული ინვესტიცია, ახლა კი რა ხდება? იქ წარმოდგენილია ჩინური ინვესტიცია და ინტერესები…

ტრამპს ჩინეთისადმი რა მძიმე დამოკიდებულებაც აქვს, ყველასთვის ცნობილია. ჩვენ კი რეგიონში შემოვათრიეთ ჩინეთი, რისი გათვალისწინებითაც რთული იქნება ტრამპის ადმინისტრაციასთან ვითარების დალაგება… ხელისუფლებაში კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა არის მნიშვნელოვანი ამერიკისთვის – კანონის გაწვევა-არგაწვევა თუ ჩინეთის ყოფნა რეგიონში. კამალა ჰარისის ადმინისტრაციის შემთხვევაში კანონის გაუქმება შეიძლება შედეგის მომტანიც ყოფილიყო, მაგრამ რესპუბლიკელების გულის მოსაგებად ანაკლიიდან ჩინეთი უნდა გააგდონ, რაც, თავის მხრივ, კიდევ არაერთ საფრთხეს წარმოშობს. რას ვაკეთებთ დიპლომატიაში, სად ჯანდაბაში მივდივართ?! ტრამპი ამათ ანაკლიის პორტის საკითხში “გადაგდებას” აუცილებლად გაუხსენებს და ძალიან მძიმე დიალოგი ექნებათ.

 

გიორგი გობრონიძე, ინტერვიუ სრულად: “ინტერპრესნიუსი”