ნიკა გვარამია – ყველა, ვინც საარჩევნო სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან – პარლამენტი არალეგიტიმურია და ამ პარლამენტში ჩვენი თანამონაწილეობა გამორიცხულია

“კოალიციამ ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართა. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განმარტა, „ისინი უარს აცხადებენ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში”. ბრიფინგის ბოლოს, საკუთარი ნება პარტიის წევრებმა განცხადებაზე ხელმოწერით დაადასტურეს.

ნიკა გვარამია - ყველა, ვინც საარჩევნო სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან - პარლამენტი არალეგიტიმურია და ამ პარლამენტში ჩვენი თანამონაწილეობა გამორიცხულია

გვარამიას თქმით, პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად მიაჩნიათ.

„სამწუხაროდ ჯერჯერობით არჩევნები მოპარულად რჩება, მაგრამ მინდა საზოგადოება დავარწმუნო, რომ გამორიცხულია, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლოს ხელისუფლების მიტაცება. მათი ეს „წარმატება“ დროებითია, ქართველი ხალხის გამარჯვება გარდაუვალია და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხმას დავუბრუნებთ ქართველ ხალხს და სამშობლოს დავიბრუნებთ ყველაფერს ერთად. პარლამენტი არალეგიტიმურია, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა არალეგიტიმურ ქმედებებში თანამონაწილეობად მიგვაჩნია. ეს არის ჩვენი კოალიციის პოზიცია და გადაწყვეტილება, რომელსაც გაგაცნობთ.

კოალიციის სია იყო 82 კაციანი, დღეს ჩვენ აქ არ გვყავს ანა ქართლელიშვილი. იმ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად იგი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოშია, არ არის ხათუნა სამნიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მისი ხელმოწერილი დოკუმენტი და ასევე, არ არის ჩვენი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე თენგო თევზაძე, რომელიც სასამართლოში იკითხება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.

ყველა, ვინც ამ [საარჩევნო] სიაში ვართ, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში“, – განაცხადა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიამ წაიკითხა განცხადების ბოლო აბზაცი: „მოგმართავთ განცხადებით – კოალიცია „ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, “დროა“, პარტიული სიის წევრი, არ გამატაროთ რეგისტრაციაში, როგორც არჩეული პარლამენტის წევრი და არ გასცეთ ჩემზე დროებითი მოწმობა საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ“.

როგორც გვარამიამ განმარტა, ეს სამართლებრივად სრულიად გამართული განცხადებაა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ცესკო-მ და საქართველოს პარლამენტმა უკანონო გადაწყვეტილებების მიღება დაიწყოს.

„ეს სამართლებრივად სრულიად გამართული განცხადებაა, მაგრამ ცესკო-მ და საქართველოს პარლამენტმა შეიძლება დაიწყოს უკანონო გადაწყვეტილებების მიღება. რამდენჯერაც საჭირო იქნება ამ სიის 82-ივე წევრი ხელს მოაწერს უარს. ამ ეტაპზე ჩვენ სრულიად გამართულად ვაწერთ ხელს ამ განაცხადს, რითაც ვადასტურებთ იმას, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ამ პარლამენტში ჩვენი თანამონაწილეობა გამორიცხულია. ჩვენ მას ლეგიტიმაციას ვერ შევძენთ ჩვენი იქ ყოფნით“, – განაცხადა გვარამიამ.