პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ბაქოში გაეროს კლიმატის სამიტზე (COP-29) მონაწილეთა ერთობლივი ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა, ბელარუსის მეთაურის ალექსანდრე ლუკაშენკოს ყოფნის გამო.
მედიის ცნობით, პოლონეთის პრეზიდენტს ლუკაშენკოსთან ერთად ერთობლივი ფოტოს გადაღება არ სურდა.
„პრეზიდენტმა ბოიკოტი გამოუცხადა ამ მომენტს იმის გამო, რომ იქ ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო იმყოფებოდა. ასე იყო გასულ წელსაც. ეს სიმბოლური განხეთქილებაა, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ფრონტზე ბელარუსის მონაწილეობის გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თავის მხრივ, ტელეკომპანია Interia-ს წყარომ დუდას გარემოცვიდან თქვა, რომ ეს მისი შეგნებული გადაწყვეტილება იყო.
„ოჯახური ფოტო ოჯახური ფოტოა, ბატონმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ არ სურდა ასეთი ფოტო ალექსანდრე ლუკაშენკოსთან“, – აღნიშნა არხის თანამოსაუბრემ.
მისივე თქმით, „პოლიტიკაში ასეთ ჟესტებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს იყო პრეზიდენტის შეგნებული ქმედება“.
ცნობისთვის, გასულ წელს დუბაიში კლიმატის სამიტზე ლუკაშენკოს გამო ერთობლივი ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს პოლონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმაც.