აშშ-ში პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვაში ბრალდებულს 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში საიდუმლო მასალების გაჟონვაში ბრალდებულს, სამხედრო IT-სპეციალისტს ჯეკ თეიშეირს სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მან ღია წყაროებში პენტაგონის საიდუმლო ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც მისი ქვეყნის თავდაცვას ეხებოდა. მათ შორის იყო ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

ჯეკ თეიშეირის დაკავება

„ჯეკ თეიშეირმა სოციალურ ქსელებში რამდენჯერმე გაავრცელა საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის თავდაცვას ეხებოდა, რათა მის ანონიმურ მეგობრებზე შთაბეჭდილება მოეხდინა“, – განაცხადა აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა მერიკ ჰარლანდმა. როგორც საოლქო პროკურორმა ჯოშუა ლევიმ განაცხადა, სამხედრო მოსამსახურე პასუხისმგებელია აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაციის გაჟონვაში. ამან „შეერთებულ შტატებს სერიოზული და გრძელვადიანი ზიანი მიაყენა, სხვა სამხედროები საფრთხეში ჩააყენა და აშშ-ს და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობები გააუარესა“.

The New York Times-ის ცნობით, სადაზვერვო ინფორმაციის პირველი გაჟონვა 2022 წლის თებერვალში მოხდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ თეიშეირის პროფილით Discord-ის ერთ-ერთ ჯგუფში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისას საკუთარი ძალების მხოლოდ მესამედს იყენებს. მომხმარებელმა, რომლის ექაუნთი თეიშეირის მონაცემებს ემთხვეოდა, დაწერა, რომ ის აშშ-ის საჰაერო ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფში მსახურობს. სხვა პოსტებში თეიშეირი წერდა იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნები ეხმარებიან უკრაინას და საბრძოლო მოქმედებების გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა.

ჯეკ თეიშეირი 2023 წლის 13 აპრილს დააკავეს. ასევე მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ეროვნული გვარდიის დაზვერვის 102-ე ნაწილის 15-მა სამხედრომ მკაცრი გაფრთხილება მიიღო, რადგანაც საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის დაუშვებლობისთვის სათანადო ზომები არ მიიღეს.