ლავროვმა კომენტარი გააკეთა ტრამპის სიტყვებზე, რომ უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ ის ომს უკრაინაში 24 საათში დაასრულებს, „ყურადღების ღირსი არ არის“. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი

„მე ამ განცხადებას არანაირ ყურადღებას არ ვაქცევ. ამაზე ყურადღების გამახვილება არ მსურს“, – განაცხადა ლავროვმა გადაცემა „ნოვი მირი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აშშ-ის „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ გახმოვანებულ ინიციატივებს ლავროვმა უწოდა „იგივე მინსკის შეთანხმება, ოღონდ ახალ შეფუთვაში“.

„ის, ვინც აცხადებს, რომ ომის დასრულება სურს, ხომ ასე ამბობს – მოდით გავაჩეროთ კონფლიქტი დღეს არსებულ ფრონტის ხაზზე, სამშვიდობო შეთანხმება 10 წლით და მერე ვნახოთ“,  – ამბობს ლავროვი.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, დასავლეთის ქვეყნებში არავინ ამბობს, რომ უკრაინის მოსახლეობას უნდა მიეცეს საშუალება, რომ „ისაუბროს, ისწავლოს და მიიღოს ინფორმაცია რუსულ ენაზე“.

„ვაშინგტონის დამოკიდებულება უკრაინის და ევროპის საქმეების მიმართ არ იცვლება. აშშ ყოველთვის შეეცდება, რომ ნატოს და ნატოსთან ახლოს მდებარე სივრცეში არსებული სიტუაცია საკუთარი კონტროლის ქვეშ ჰქონდეს მოქცეული“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა. მინისტრს მიაჩნია, რომ აშშ-ის ნებისმიერი ადმინისტრაცია რუსეთისა და მისი გავლენის შესუსტებაშია დაინტერესებული.

ცნობისთვის, გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს საპრეზიდეწტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და დიალოგისთვის მზადყოფნა გამოხატა. ამასთანავე, პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპი რთულად პროგნოზირებადი ადამიანია და ამ ეტაპზე უცნობია, თუ რას გეგმავს აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია.