ისრაელმა უკრაინას გადასცა ყველაფერი, რაც საჭიროა ადრეული გაფრთხილების სისტემის დასანერგად და სისტემის ამოქმედება ფინალურ ეტაპზეა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენი კორნიჩუკმა განაცხადა.
მისი თქმით, სისტემის ნაწილს უკვე იყენებენ უკრაინელი სამხედროები. საუბარია ისრაელში წარმოებულ სამგანზომილებიან რადარებზე, რომელთა შეძენაც შესაძლებელია დიდი რაოდენობით.
კორნიჩუკის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანული დრონების განადგურების საკითხზე თანამშრომლობა შესთავაზა.
„ვხედავთ, რომ ჩვენი ორი ომი ძალიან მჭიდრო კავშირშია. ჩვენ გვყავს საერთო პარტნიორები და საერთო მტრები – ირანი და მისი მარიონეტები, რომელთა უკან დგას რუსეთის ფედერაცია. ლიბანში განლაგდა ახალი, გასულ წელს წარმოებული რუსული იარაღის უზარმაზარი საწყობები. არ გამიკვირდება ხვალ იქ ჩრდილოეთ კორეული რაკეტები რომ აღმოჩნდეს“, – აღნიშნა ელჩმა.