რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტებით პირველი დარტყმები უახლოეს დღეებში განხორციელდება – Reuters

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ნებას მისცემს, შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს. აღნიშნულია, რომ პირველი შორი რადიუსის დარტყმები უახლოეს დღეებში მოხდება. ამის შესახებ წყაროებმა Reuters-ს განუცხადეს და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დეტალები არ გაამჟღავნეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და ჯო ბაიდენი

ჟურნალისტების თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

Reuters-ი წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ორი თვით ადრე მიიღო. ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ ითხოვა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის რუსეთის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მიეცათ.

წყაროების თანახმად, პირველი ღრმა დარტყმები, სავარაუდოდ, ATACMS-ის რაკეტებით განხორციელდება, რომელთა მოქმედების მანძილი 306 კილომეტრამდეა.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი სკეპტიკურად არის განწყობილი იმის თაობაზე, რომ შორ მანძილზე დარტყმების ნებართვა ომის საერთო ტრაექტორიას შეცვლის, გადაწყვეტილება შეიძლება დაეხმაროს უკრაინას იმ მომენტში, როდესაც რუსული ძალები წარმატებას აღწევენ და შესაძლოა, კიევი მოლაპარაკებებში უკეთეს პოზიციაზე დააყენოს, იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართება“, – წერს სააგენტო.

Reuters-ის ცნობით, ჯერ უცნობია, შეცვლის თუ არა ტრამპი ბაიდენის გადაწყვეტილებას, როდესაც ის თანამდებობას დაიკავებს, რადგან ტრამპი დიდი ხანია, აკრიტიკებს ამერიკული ფინანსური და სამხედრო დახმარების ოდენობას, ომის სწრაფად დასრულების პირობას დებს, ყოველგვარი განმარტების გარეშე.

„თუმცა, კონგრესში ზოგიერთმა რესპუბლიკელმა ბაიდენს მოუწოდა, შეამსუბუქოს წესები, თუ როგორ შეუძლია უკრაინას შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღის გამოყენება. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების შემსუბუქებას სერიოზულ ესკალაციად განიხილავს“, – ნათქვამია მასალაში.

ცნობისთვის, New York Times-ი ასევე იტყობინება, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი კურსკის ოლქში რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯარების წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები გამოიყენოს.

ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმებთან დაკავშირებით კი CNN-ი წერს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც ტრამპი შუამავლობს, შესაძლოა ითვალისწინებდეს, რომ კიევი უარს იტყვის ყირიმის შესახებ თავის პრეტენზიებზე, სანაცვლოდ კი უკრაინას დარჩენილი ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი დაუბრუნდება.