ბორელმა დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS-ის რაკეტების გამოყენების უფლება მისცა

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS რაკეტების გამოყენების უფლება მისცა.

ჯოზეფ ბორელი

ევროკომისიის სხდომაზე მან განაცხადა, რომ კიევმა მიიღო ნებართვა, დარტყმები 300 კილომეტრამდე მანძილზე განახორციელოს.

„საუბარია 300 კილომეტრის რადიუსზე. ეს არ არის ბევრი, თუ დისტანციაზე ვსაუბრობთ, დიდი მანძილი არ არის, შორს არ აღწევს ქვეყნის შიგნით, მაგრამ ეს არის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ახლა და არა არჩევნებამდე? – არ ვიცი“, – აღნიშნა ბორელმა.

ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არ მიღებულა საერთო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ევროპული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის.

ბორელის თქმით, ამ საკითხს თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად გადაწყვეტს.

Rosstat-ისა და ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, რუსეთის დიდ ქალაქებში მცხოვრები სულ მცირე 4,7 მილიონი რუსი ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების ზონაში აღმოჩნდება.

ცნობისთვის, მანამდე NYT-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის  ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები გამოიყენოს. Reuters-ი წერს, რომ უკრაინა ამ იარაღის გამოყენებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

ამასთან, უკრაინამ რუსეთის სამიზნეებზე დარტყმებისთვის საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ერთობლივად წარმოებული Storm Shadow/SCALP რაკეტების გამოყენების უფლებაც მიიღო.