თეთრი სახლის განცხადებით, დნეპრზე რუსული ბალისტიკური რაკეტით დარტყმა უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე გავლენას არ მოახდენს

თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთის მიერ დნეპრზე ექსპერიმენტული ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმა უკრაინის მიმართ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხარდაჭერას არ შეაჩერებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ბრიფინგზე განაცხადა.

კარინ ჟან-პიერი

ჟან-პიერს ჰკითხეს, ფიქრობენ თუ არა თეთრ სახლში, რომ დნეპრზე იერიში პასუხია უკრაინის მიერ რუსეთზე დარტყმებისთვის ამერიკული ATACMS-ის რაკეტების გამოყენებაზე.

საპასუხოდ თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ რუსეთის ასეთი შეტევები უკრაინისთვის ამერიკულ დახმარებას არ შეაჩერებს.

„აშშ უკრაინას ასობით დამატებით „პეტრიოტსა“ და AMRAAM-ის რაკეტებს აწვდის, რათა გააძლიეროს მისი საჰაერო თავდაცვა. როგორც უკვე ვთქვი, პრეზიდენტმა სექტემბერში უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების გაფართოებაზე ისაუბრა. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ამის გაკეთება“, – ხაზგასმით აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.

კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის შესაძლებლობების, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და „ბრძოლის ველზე საუკეთესო პოზიციაში“ დაყენებას.

მან ასევე გაიხსენა ამ კვირის დასაწყისში უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განცხადება.

„ეს გაგრძელდება და ამიტომ არ გავჩერდებით. გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინელებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც მათ ბრძოლის ველზე სჭირდებათ“, – დასძინა მან.