„პრეზიდენტ მაკრონის რეჟიმმა, მიმდინარე წელს ახალ კალედონიაში კანაკების ლეგიტიმური პროტესტის დროს მოკლა 13 და დაჭრა 169 ადამიანი. მარტინიკაში პროტესტის დროს 1700 ადამიანი დააკავეს, გვადელუპაში ასევე წელს 38 ადამიანი დააკავეს. ყოველივე ამის შემდეგ, საფრანგეთი არ დაგმო არც ევროკომისიამ, არც ევროპარლამენტმა და არც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე(COP29) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ალიევმა პოლიტიკური ფარისევლობა უწოდა ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს ამ ქმედებას და აღნიშნა, რომ ორივე ინსტიტუტი პოლიტიკური კორუფციის სიმბოლოდ იქცა. მისივე თქმით, სხვაგვარი მოლოდინი ევროპიდან არ აქვს, ვინაიდან, ჯოზეფ ბორელმა ევროპის გარდა, დანარჩენი სამყარო ჯუნგლებად მოიხსენია.
„ეს არის პოლიტიკური ფარისევლობა. ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა – ეს ორი ინსტიტუტი, რომელიც პოლიტიკური კორუფციის სიმბოლოდ იქცა, უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისთვის პასუხისმგებლობას იზიარებს პრეზიდენტ მაკრონის მთავრობასთან ერთად. საფრანგეთის ყველა პოლიტიკური პატიმარი სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს. სხვას რას უნდა ველოდოთ ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, თუ ევროპელი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი ევროპას ბაღს უწოდებს, დანარჩენ მსოფლიოს კი ჯუნგლებს. თუ ჩვენ ჯუნგლები ვართ, ჩვენგან თავი შორს დაიჭირეთ და ნუ ჩაერევით ჩვენს საქმეებში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.