საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა პასუხისმგებლიანი და პრაგმატულია, ხოლო თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, აფხაზური მხარე საზღვრების გახსნის დოკუმენტს ხელს მოაწერს – ამის შესახებ ახლადგადამდგარი დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია RBC-სთან ინტერვიუს დროს პასუხობს კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა „ქართული ოცნების“ განცხადებას ბოდიშზე „სამხრეთ ოსეთთან“ 2008 წლის ომის გამო, ასევე, ცხინვალთან და აფხაზეთთან გაერთიანების შესახებ.
ანალოგიური პოზიცია აქვს აფხაზური ოპოზიციის ლიდერ ადგურ არძინბას, თუმცა ის ქართულ მხარეს ურთიერთობების აღდგენის უფრო კონკრეტულ სქემას სთავაზობს. კერძოდ, არძინბა ამბობს, რომ „ბოდიშის“ საქმედ გადასაქცევად ოფიციალურმა თბილისმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2008 წლის კანონს უნდა გადახედოს, „რომელიც, ასევე, აფხაზეთში ეკონომიკურ საქმიანობას კრძალავს. „საქართველოდან აფხაზეთის გავლით რუსეთში საქონლის ტრანზიტი,“ არძინბას შეფასებით, სწორედ ამის შემდეგ განახლდება და შესაბამისად, ეკონომიკური ურთიერთობებიც აღდგება.
„ნებისმიერი საჯარო განცხადება, რითაც ვინმეს ბოდიშის მოხდა სურს, დადებითად მიმაჩნია. თუ მათ სურთ თავიანთი შეცდომების გაცნობიერება, ეს კარგია… თუმცა უპირატესობა უნდა მიენიჭოს არა საჯარო განცხადებებს, არამედ რეალურ ქმედებებს და ნაბიჯებს. იმისათვის, რომ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან ნორმალიზდეს, საქართველომ უნდა აღიაროს ის რეალობა, რომელიც 30 წელზე მეტია, არსებობს – აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი… იმისთვის, რომ ჩვენ აღვადგინოთ ეკონომიკური ურთიერთობები, ვგულისხმობ საქონლის ტრანზიტს საქართველოდან რუსეთში აფხაზეთის გავლით, საქართველომ უნდა გადახედოს 2008 წლის კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც, ასევე, კრძალავს ეკონომიკურ საქმიანობას აფხაზეთში,“ – აცხადებს ადგურ არძინბა.
„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უფრო პრაგმატულ და ეროვნულზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებს, განსხვავებით წინა გუნდისგან, რომელიც 100%-ით ვაშინგტონისა და ბრიუსელის კლიენტურა იყო. თუ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო რიტორიკა კი არა, არამედ რაიმე სახის სამოქმედო გეგმაა, მაშინ რეალური ნაბიჯები არის საჭირო. ეს შესაძლოა, იყოს, მინიმუმ, ორი: პირველი ნაბიჯი არის ვალდებულება, არ განახლდეს სამხედრო ძალის გამოყენება და მეორე, გაუქმდეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ეს იქნება რეალური სამოქმედო გეგმა, რომელიც კეთილი ნების არსებობაზე მიუთითებს,“ – აცხადებს ბარციცი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ
bpn.ge