რუმინეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ლიდერობს

რუმინეთში 24 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი კელინ ჯორჯესკუ ლიდერობს. მას ამომრჩეველთა 22,91%-მა მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კელინ ჯორჯესკუ

მეორე ადგილზე გავიდა „რუმინეთის გადარჩენის კავშირის“ წარმომადგენელი ელენა ლასკონი (19,17%), მესამე ადგილზე კი სოციალ-დემოკრატი და რუმინეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუ (19,16%). მეოთხე ადგილი რადიკალმა მემარჯვენე კანდიდატმა ჯორჯე სიმიონემ დაიკავა – 13,87%.

რუმინეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას განსაზღვრავს. ის არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და მას სადაზვერვო სამსახურები ემორჩილებიან.

ანალიტიკოსები წერენ, რომ რუმინეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაღალი ინფლაციით არის უკმაყოფილო. მან 2023 წელს 10% შეადგინა და ამჟამად 5,5%-ის დონეზეა.

საერთო ჯამში საპრეზიდენტო არჩევნებში 13 კანდიდატი მონაწილეობდა. 8 დეკემბერს რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.